ზურიკო დავითაშვილი - პენალტის დარტყმისას დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - პენალტის დარტყმისას დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ მედიასთან თავისი კარიერის საუკეთესო მომენტი გაიხსენა, როდესაც 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„ეს იყო ძალიან ლამაზი დღეები. ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი ისტორია. ვიმედოვნებ, რომ კარიერაში ნაკრებსა და „ბორდოსთან“ ერთად მსგავსი მომენტების განცდის შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ მექნება.

როცა პენალტის დასარტყმელად კარს მივუახლოვდი, დარტყმამდე დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

რაც შეეხება „ბორდოს“, მიზანი კვლავ ლიგა 1-ში დაწინაურებაა. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუნდაც ეს ძალიან რთული ამოცანა იყოს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, „ბორდოსთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და სანამ აქ ვთამაშობ, გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვიღონებ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო თამაშებიდან „ბორდოში“ დაბრუნებულმა დავითაშვილმა ბოლო ორ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.