ზურიკო დავითაშვილი - ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულში რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ კარიერაზე, 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის, ხვიჩა კვარაცხელიასა და საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
კარიერის სტარტი
„6 წლის ვიყავი როდესაც კლუბ „ჩემპიონში“ მივედი, თუმცა შეიქმნა სტადიონის პრობლემები და ერთი წელი „ბაქვსუდის“ სახელით გამოვდიოდით. ამის შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ შემოთავაზება, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სურდათ „დინამოში“ გადავსულიყავი. მაშინ ყველაზე კარგი პირობები „დინამოში“ იყო. სწორედ იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი.
რაღაც ეტაპზე ხელმძღვანელობასთან მცირედი პრობლემები შეიქმნა და გადავწვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის აჯობებდა, თბილისის „ლოკომოტივში“ გადავსულიყავი, სადაც ისეთი პირობები შემომთავაზეს, რომ სეზონის ან სეზონნახევრის შემდეგ უცხოეთში გამეგრძელებინა კარიერა.“
„რუბინი“ და ხვიჩა კვარაცხელია
„რუბინში“ რომ ჩავედი, ქართველი არავინ იყო, შემდეგ ჩამოვიდა ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ბოლოს ნიკა ყიფიანი. ერთად უფრო გაგვიმარტივდა ადაპტაცია.
ჩემი და ხვიჩას მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო. 11 წლიდან ერთად ვთამაშობთ, ასაკობრივი ნაკრებების პერიოდიც ერთად გავიარეთ. ერთმანეთი, ასე ვთქვათ, თვალდახუჭული ვიცით, როდესაც მას ჰქონდა ბურთი, ვიცოდი, სად უნდა გავხსნილიყავი და პირიქით… შემეძლო ისე მიმეცა პასი, რომ არც შემეხედა.
რაც შეეხება ხვიჩას ტრანსფერს, და თვითონაც არ საუბრობს ჯერ, თუმცა 99%-ით გადაწყვეტილია, ზაფხულში რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ.“
ლეონიდ სლუცკი
„ლეონიდ სლუცკი ფეხბურთელებთან გახსნილად ურთიერთობს. სულ ხუმრობს და ჩემთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ ბევრ სათამაშო დროს არ მაძლევდა.“
ეროვნული ნაკრები და 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
„მარტში ყველა სანაკრებო შეხვედრას მივადევნე თვალყური. ვაისის ფორმაციის ნაკრებთან ცვლილება ის იყო, რომ შედარებით შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით.
ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. 2023 წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული პირველობა გაიმართება. ჩვენი მიზანი მხოლოდ თამაში არ იქნება – უნდა გავიდეთ და შედეგი დავდოთ. ჩემპიონატი ჩვენ ქვეყენაში ტარდება, რაც დიდი მოტივაცია იქნება.“
ცოტნე შაორშაძე