დავითაშვილი დაბრუნდა, „როტორმა“ ფავორიტთან წააგო #1TVSPORT
დავითაშვილი დაბრუნდა, „როტორმა“ ფავორიტთან წააგო #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვოლგოგრადის „როტორს“ რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში დაუბრუნდა – მისი გუნდი მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და დამარცხდა.

ვოლგოგრადის „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი იყვნენ. დავითაშვილი მე-60 წუთზე ნიკა ყიფიანმა შეცვალა, ხოლო 88-ე წუთზე მოედანზე გიორგი არაბიძე შევიდა. სტუმართა სასტარტოში ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონიც იყო. ცსკა-ს ძირითადში კი კონსტანტინე მარადიშვილი თამაშობდა.

კვირკველიამ ორჯერ სახიფათო მომენტი განმუხტა, მე-10 წუთზე კი მეტოქესთან ორთაბრძოლისას დაშავდა, მაგრამ წამოდგა და თამაში განაგრძო. აღსანიშნავია, რომ „როტორმა“ თამაშის დროს მხოლოდ რთი სახიფათო მომენტი შექმნა და ისიც დავითაშვილის დამსახურებაა – 20 წლის ქართველმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და კარში დაარტყა, მაგრამ მარიო ფერნანდესი გადაეღობა და ცსკა- გადაარჩინა.

საბოლოოდ, მოსკოველებმა 2:0 მოიგეს.

ვოლგოგრადის „როტორი“ 25 ტურის შემდეგ 18 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. გუნდისთვის წარმატება იქნება, პლეი აუტში თუ მოხვდება და გასავარდნ ზონას თავს აარიდებს.