ზურან ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო, მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა
ზურან ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო, მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა

ჩვენ გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს ფაქტობრივად დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ, აქ მსხდარი ხალხი, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა მელიასთან და ელენე ხოშტარიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მომავალ წელს ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.

„ამ ქვეყანას ეყოლება პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში კოალიციური მთავრობა, რომლის ნაწილიც ვიქნებით ჩვენ და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო და საბოლოო ჯამში, გვინდა მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიაა შეთანხმებული და ამ საკითხებში საკამათო არაფერია. არის უამრავი წვრილმანი დეტალი, რომელზეც მომავალში მოხდება შეთანხმება, მაგრამ პრინციპულად, გეზი, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, ჩვენ შეთანხმებული გვაქვს. „ჩვენში“ არ ვგულისხმობ მხოლოდ აქ მსხდარ სამ პარტიას, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ერთადერთი, რაც დარჩა, არის 2 ოქტომბერს ამ ქვეყნის მოქალაქეების მისვლა საარჩევნო ურნებთან და ამ შედეგის გაფორმება. ერთადერთი, ვისაც ეს ხელს არ აძლევს, ვისაც არ უნდა ძალაუფლების დათმობა და ვინც ამას ეწინააღმდეგება ფულით, ძალადობით, შანტაჟითა და სუს-ის გამოყენებით, ეს არის „ქართული ოცნება“, მაგრამ არ გამოუვათ და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.