ზურაბ ხიზანიშვილი - სანიოლმა შენიშნა, რომ ტექნიკური მოთამაშეები გვყავს, მაგრამ... #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა ფრანგი სპეციალისტის პირველად შთაბეჭდილებებზე ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით.
„ვილი სანიოლმა შენიშნა, რომ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს. თუმცა, ის დონე, რაც ნაკრებშია საჭირო, კითხვებს ტოვებს. ვერ ვიტყვით, რომ სტატისტიკა – კოლომეტრაჟის დაფარვის და სპრინტების მაჩვენებლები ინგლისის დონეს შეეფერება, მაგრამ დაბალი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ფეხბურთელებს არსებული მდგომარეობაც აკმაყოფილებთ. თუ მოთამაშე ფიქრობს, რომ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზადაა, მერწმუნეთ, მაქსიმუმი უნდა გამოამჟღავნოს. მაგალითად, შენი გუნდი 3:0-ს რომ იგებს, შესაძლოა, ზედმეტად სირბილი საჭირო აღარ იყოს, მაგრამ შენ თუ თავს ნაკრების კანდიდატად მიიჩნევ, უფრო მეტი უნდა გააკეთო“, – ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი.
გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ამასთან დაკავშირებით საინტერესო მაგალითი დაასახელა:
„ალექსეი მირანჩუკი, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ იტალიურ „ატალანტაში“ გადავიდა, წერდა – რუსეთში ვარჯიშის შემდეგ დაღლას ვერ ვგრძნობდი, ეს პირველად იტალიაში ვიგრძენიო. ვარჯიშის შემდეგ არაფრის თავი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ დავწვე და დავისვენოო. ითვლება, რომ უკრაინა-რუსეთის გუნდებში დიდი დატვირთვებია და ტოპ-ლიგებთან მაინც ასეთი განსხვავებაა. იოლი წარმოსადგენია, ჩვენთან რა სხვაობაა – საქართველოს ჩემპიონატში ის დატვირთვა არ არის, რაც საჭიროა“.