ზურაბ ხიზანიშვილი - ვილი სანიოლის სიაში მოთამაშეები საქართველოს ჩემპიონატიდანაც არიან, ეს სიურპრიზი იქნება #1TVSPORT
ზურაბ ხიზანიშვილი - ვილი სანიოლის სიაში მოთამაშეები საქართველოს ჩემპიონატიდანაც არიან, ეს სიურპრიზი იქნება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეების მიწვევას აპირებს.

„პატარა სიურპრიზი იქნება, რომ მარტის სანაკრებო შეკრებაზე მოთამაშეებს საქართველოს ჩემპიონატიდანაც მივიწვევთ. ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის და ჩემი დანიშვნის შემდეგ ყურადღება ადგილობრივ ფეხბურთელებზე გავამახვილეთ, თამაშებს დავესწარით – ჩემი სურვილიც არის და სუბიექტური მოსაზრებაც, რომ ნაკრებში ძირითადი შევსება ეროვნული ჩემპიონატიდან უნდა მივიღოთ.

გასაგებია, რომ ფსონი ლეგიონერებზეა გაკეთებული, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდანაც რამდენიმე მოთამაშე უნდა გვყავდეს. მაგრამ როდესაც ადგილობრივი ჩემპიონატში ვინმე გაიბრწყინებს, ეროვნულ ნაკრებში უნდა გამოვიძახოთ. რთული სათქმელია, მერე ნაკრებში როგორ ითამაშებენ, მაგრამ ვინც დაიმსახურებს, დავუფასებთ“, – განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის თქმით, სანიოლის სამწვრთნელო შტაბმა მარტის სანაკრებო შეკრებისთვის საინტერესო მოთამაშეები უკვე შეარჩია:

„გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებისთვისაც საინტერესო მოთამაშეები გვეყოლება და ვფიქრობ, ეს მიწვევა მათთვისაც დიდ სტიმული იქნება“.