ზურაბ ხიზანიშვილი - დიდი ხანია, ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლას ვგეგმავთ, რასაც თავისი ახსნა გააჩნია #1TVSPORT
კაბო ვერდესთან ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩი და ივნისის შეკრება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა შეაფასა.
„დიდი ხანია, ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლას ვგეგმავთ. ამ სქემის ტესტირების საშუალება ამხანაგურ მატჩებში მოგვეცა. ვფიქრობთ, რომ მომავალში ჩვენი გუნდი ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადავა, რასაც თავისი მიზეზი და ახსნა გააჩნია.
ფარერები და კაბო ვერდე ორი განსხვავებული მეტოქე იყო. კაბო ვერდეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი გააჩნია და ძალიან კარგი გუნდია. რაც შეეხება პენალტს, არ ვიცი, VAR-ი რომ ყოფილიყო, დანიშნავდა თუ არა არბიტრი.
სასიხარულოა, რომ ამ მატჩებში არ დავმარცხდით, თუმცა შედეგზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ თავის გამოჩენის საშუალება ძალიან ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა. კმაყოფილები ვართ გაგნიძისა და გულიაშვილის თამაშით. მათ ამ ორ მატჩში თავი გამოიჩინეს და ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. ამიტომ მათ თამაშს დადებითად ვაფასებთ.
16 წლის საბა ხარებაშვილს, რომელმაც სადებიუტო თამაში ფარერის კუნძულების ნაკრებთან ჩაატარა, დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ეროვნულ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად ძალიან ბევრი უნდა იშრომოს.
რატომ არ ვათამაშეთ გაგუა? პირდაპირ გეტყვით: მისით დაინტერესებულები რომ არ ვიყოთ, შეკრებაზე არც გამოვიძახებდით. გიორგის პროგრესს, დიდი ხანია, ვაკვირდებით და ამ ფეხბურთელს ვაფასებთ. შეიძლება, ისმის კითხვა: „თუ გამოიძახე, რატომ არ ათამაშე?“ ამის პასუხად გეტყვით, რომ არის კომპონენტები, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“.