ზურაბ ხანგოშვილი - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩემი ძმა ერთვებოდა ისეთ საკითხებში, როგორიც იყო ლოპოტის ხეობის სიტუაცია, ცუდად დასრულდა, მაგრამ რაც შეეძლო, აკეთებდა
ზურაბ ხანგოშვილი - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩემი ძმა ერთვებოდა ისეთ საკითხებში, როგორიც იყო ლოპოტის ხეობის სიტუაცია, ცუდად დასრულდა, მაგრამ რაც შეეძლო, აკეთებდა

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ მისი ძმა მკვლელობის დღეს საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს უნდა შეხვედროდა, – ამის შესახებ შვედეთში მცხოვრებმა ზურაბ ხანგოშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

ზურაბ ხანგოშვილის თქმით, მისი ძმა სანდრა რულოვსს ბერლინში ჩეჩნურ დიასპორასთან შეხვედრის ორგანიზებაში ეხმარებოდა. გარდაცვლილის ძმა აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა, ვისთანაც ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობამდე ჰქონდა კონტაქტი.

„სასამართლოზე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. ჯერჯერობით მოწმეების დაკითხვის პროცესი არ არის დამთავრებული. ჩვენ როგორც ვიცით, ეს პროცესი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, თუ პანდემიის გამო რამე სხვა შეფერხება არ იქნება. რაც შეეხება სანდრას, მე ვიცოდი, რომ მაგ საღამოს უნდა დახვედრილიყო ჩემი ძმა სანდრას. ჩემმა ძმამ რესტორანში მიწვევის ორგანიზება გააკეთა, დაჯავშნა რესტორანი. იქ უნდა მიეწვია, სანდრასთან ერთად, მისი შვილი ედუარდი და რძალიც. მასპინძლობა უნდა გაეწია ჩემს ძმას. იქ ჩასვლის მიზანი კი, მე ვიცოდი, რომ ჩეჩნეთის დიასპორასთან შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი. ჩემმა ძმამ ამის ორგანიზება გაუწია, მოლაპარაკებული იყო, ვის უნდა შეხვედრილიყო, ანუ იჩქერიის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს გერმანიაში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია მე ვიცოდი. რაც შეეხება ამით სასამართლოს დაინტერესებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ დღეებში ვინც ეკონტაქტებოდა, ყველას დაკითხავდნენ, გამოძიება ასე ხდება ხომ, უნდა დაკითხონ“, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.

ზურაბ ხანგოშვილის თქმით, სანდრა რულოვსმა როდესაც შეიტყო ზელიმხან ხანგოშვილის მდგომარეობა, მიმართა გერმანიის მიგრაციულ სამსახურს წერილით, რომ სერიოზული ყურადღება მიექციათ მისთვის. ხანგოშვილის ოჯახის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამისთვის რულოვსის მადლობლები არიან.

ზურაბ ხანგოშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ზელიმხან ხანგოშვილის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე.

„ჩემი ძმა თბილისში ცხოვრობდა იმ პერიოდში. რა თქმა უნდა, ისეთ გასაჭირ საკითხებში ჩაერთვებოდა ხოლმე, მაგალითად, როგორიც იყო ლოპოტის ხეობის სიტუაცია. ამ სიტუაციაში მოლაპარაკებებზე იყო მისული, რომ განმუხტულიყო ეს სიტუაცია. სამწუხაროდ, ცუდად დასრულდა, მაგრამ რაც შეეძლო, იმას აკეთებდა, რომ არ დაძაბულიყო ვითარება“, – განაცხადაზურაბ ხანგოშვილმა.

ხანგოშვილი ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობის გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის. მისი თქმით, უკვე ცნობილია , რომ დაკავებული პიროვნება არის მკვლელობის უშუალო შემსრულებელი. ზურაბ ხანგოშვილის განცხადებით, „ყველაფერი მიდის რუსეთისკენ და პირდაპირ მოსკოვისკენ“.

შეგახსენებთ, რომ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. როგორც, ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. ასევე ცნობილია, რომ გამომძიებლებმა რულოვსი ერთხელ ტელეფონით დაკითხეს, თუმცა, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლო პროცესზე არ გაუმჟღავნებიათ, ამიტომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედისა და ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის მოტივი უცნობი რჩება.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ვადიმ კრასიკოვი, ასევე ცნობილი, როგორც ვადიმ სოკოლოვი.