ზურაბ ჯაფარიძემ მოქალაქეებს მიმართა - როცა იქნებით ბევრი, მათ შორის ქუჩაში, ესენი ეგრევე გაქცეულები არიან
ზურაბ ჯაფარიძემ მოქალაქეებს მიმართა - როცა იქნებით ბევრი, მათ შორის ქუჩაში, ესენი ეგრევე გაქცეულები არიან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქუჩაში ხალხის გამოსვლა და პროტესტი, რომლის გარეშეც დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხდება.

ჯაფარიძის თქმით, „დასავლეთის ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში, საბოლოო ჯამში, რუსული ხელისუფლების ცვლილებას და დემოკრატიის მშენებლობას, უნდა მოჰყვეს რეაქცია საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“.

„ქვეყანაში გვყავს „ეფესბეს“ ნომრიანი აგენტი, რომელიც გაიშიფრა და ამ აგენტს არა უბრალოდ გადაეფარა მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ ქვეყნის ბედი, ქვეყანაში დღევანდელი კეთილდღეობის დონე შემოაგდეს სასწორზე ერთი კონკრეტული რუსი აგენტის გამო. მნიშვნელოვანია გაპროტესტება, ეგეთი რაღაცების გატარება არ მოსულა. გამოსვლა მნიშვნელოვანია ასევე, რადგან ჩვენ დიდი ხანია, პროტესტი არ გვქონია, არცერთ პარტიას რამდენიმე თვეა, ქუჩაში პროტესტი არ გაგვიკეთებია. ამიტომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს ქუჩაში, ქუჩის პროტესტის გარეშე რუსების ხელისუფლებიდან გაშვება წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ პროტესტი მნიშვნელოვანი, დასაწყები, მოსასინჯი, გასაკეთებელია. დასავლეთის სანქციებს და დასავლეთის ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს უწყობს ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, რუსული ხელისუფლების ცვლილებას და დემოკრატიის მშენებლობას, უნდა მოჰყვეს რეაქცია საქართველოს მოსახლეობისგან.

ვდგავარ, დავდივარ და ვყვირი, რომ ჩვენ, ქართველებს გვეკუთვნის სტატუსი, მაგრები ვართ, ეს და ის ვართ, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ იქედან თუ იდგმება რაღაც ნაბიჯი, აქედანაც უნდა დაინახო, რომ ხალხი ბრძოლისთვის მზადაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, გავიდეთ და გავაპროტესტოთ. საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლება დასრულდება მაშინ, როცა იქნებით ბევრი და მათ შორის იქნებით ბევრი ქუჩაში, როგორც კი ეს მოხდება, ესენი არიან ეგრევე გაქცეულები. ასეთია მათი ბუნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ნუ გექნებათ ილუზია, რომ მე ან ელენეს, ან ჩვენ გარდა, გინდა – დიდ პარტიებს რომ ეძახიან, გინდა – პატარებს, დაორგანიზებული ჰყავთ ხალხის რაღაცა არმიები, რომლებიც შეიძლება საიდანღაც მოიყვანონ. არაფერი ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. თავიდან ბოლომდე თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. თქვენ იაქტიურებთ, თქვენ გამოხვალთ ქუჩაში, ესენი გაასხამენ ეგრევე. როგორც კი ეს წერტილი დადგება, მაგ მომენტში მივალთ, ეგრევე წავლენ. რაც შეეხება, ამდენი აქცია – 10, 100, ნეტავ, 400 აქცია იყოს და ყველა ქალაქში იყოს, საერთოდ არ არის ეს არანაირი პრობლემა. პროტესტი რომ არის ადამიანებში, ეს პროტესტი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, რაც მეტი, მით უკეთესი იქნება. რა აქციებიცაა დაანონსებული, სადაც მოვასწრებ, ყველგან მივალ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „დროას“ ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად გაკეთებული განცხადებისას.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტიებს შორის რაღაც ტიპის კოორდინაცია არსებობს.

„რაც შეეხება, არსებობს თუ არა პარტიებს შორის კოორდინაცია, კი, არსებობს. ეს ფორმატი გარკვეული პერიოდის წინ შეიქმნა, სადაც პარტიებმა დავიწყეთ რაღაცებზე საუბარი, მათ შორის, დღესაც გვექნება ერთმანეთში რაღაც ტიპის კოორდინაცია“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ახლა მოქმედების დროა და ერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რუსული აგენტურის მორიგი მხილება მოხდა, როცა ბანკების და ეროვნული ბანკის ჩათრევით ცდილობენ, საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა რისკის ქვეშ დააყენონ და ღიად რუსეთის ინტერესები გაატარონ ამ ქვეყანაში. ახლა მოქმედების დროა და უნდა ვიმოქმედოთ. ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ სცადოს, ეს ერთობა აურიოს რაღაც შერწყმაში, პოლიტიკური, ტექნიკური ტერმინი კი არ არის, ერთად უნდა ვიმოქმედოთ დღეს. შესაბამისად, საერთოდ არ ვაპირებ იმ წვრლიმანებში შესვლას, ვინ რომელ საათზე დაანონსა აქცია, ყველა აქციაზე წავალთ. წავალთ ხუთ საათზე სებ-თან (საქართველოს ეროვნული ბანკი) აქციაზე, წავალთ ექვს საათზე წულუკიანის წინააღმდეგ აქციაზე, ვიქნებით შვიდ საათზე ასევე პარლამენტთან აქციაზე, რადგან ჩვენი ვალია, კრიტიკულ მომენტში გავარჩიოთ, ერთად როგორ ვიმოქმედოთ. ჩვენ თვითონაც ბევრი აქცია, პროტესტი გვექნება. რაც მთავარია, უნდა დავიჯეროთ, რომ შეტევაზე ყოფნით ამ რუსულ აგენტურას გავტეხთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.