ზურაბ ჯაფარიძემ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა
ზურაბ ჯაფარიძემ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა.

ზურაბ ჯაფარიძემ შესაბამისი მიმართვა პარლამენტში დღეს შეიტანა.

ჯაფარიძის თქმით, მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება ახლა არ მიუღია.

„ყველა პარტიამ განცხადება დაწერა, სიები ჩახსნეს და ბოიკოტის რეჟიმი გააფორმეს. მეც იგივე რეჟიმში ვარ და იგივე გავაკეთე. „გირჩი“ გაიყო, ის ადამიანები ცალკე არიან, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იაგო ხვიჩია არის. მათი საჯარო განცხადებები მოვისმინე და მათი დამოკიდებულებაა, რომ თუ პატარა შანსი მაინც არსებობს, რომ პარლამენტში შევიდეს 113 დეპუტატი, მათ ამ შანსზე უარის თქმა არ უნდათ და პარლამენტში შევლენ. შეიძლება, ასეთი შანსი ბევრი თვის განმავლობაში არსებობდეს, კი არა და, უსასრულოდ. ამიტომ, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღე, განცხადება დამეწერა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, პარლამენტის გარეთ რა გზა რჩება ოპოზიციას და იმაზე მეტი ბერკეტი ექნება თუ არა, რაც პარლამენტში ექნებოდა, ჯაფარიძე პასუხობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ოპოზიციური სხვა პარტიები რის გაკეთებას აპირებენ.

„საერთოდ, არ მჯერა, რომ ამ მომენტისთვის, ვინმეს რამე კონკრეტული ხედვა და გეგმა გააჩნია, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. ჩემს თავზე და „გირჩზე“ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ოთხი წელი პარლამენტის გარეშე ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით, კონკრეტული შედეგიც დავდეთ და ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.