ზურაბ ჯაფარიძე - ყველაფერი შეგვიძლია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ
ზურაბ ჯაფარიძე - ყველაფერი შეგვიძლია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ

რასაც ჩვენ ერთი წელია, ვუყურებთ, არის რეალური სასწაული, ვუყურებთ უკრაინელები რას აკეთებენ, როგორ გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია და, ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, სამ დღეში კიევი დაეცემოდა და კიევი თუ დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა საქართველოსაც.

„ჩვენ დავკარგავდით, ძალიან მაღალი ალბათობით, ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს, დამოუკიდებლობას, რომელსაც თაობებმა შეწირეს სიცოცხლე და უამრავი სისხლი გვაქვს დაღვრილი. ის, რასაც ჩვენ ერთი წელია, ვუყურებთ, ეს არის რეალური სასწაული, ლაივში ვუყურებთ, უკრაინელები რას აკეთებენ, როგორ გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია და, ძალიან მაღალი ალბათობით, მე შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. ამას აკეთებენ უკრაინელები ჩვენს თვალწინ, ასეთი დღე არის დღეს, ძალიან ცხადი ხაზი გაივლო, სად არის მორალი, სად არის ამორალურობა, სად არის თეთრი და სად არის შავი. ის, რომ თქვენ დღეს აქ ხართ, ეს არის დასტური, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა. ამის გამო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც არაფრის ახსნა არ სჭირდება. არ სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ამ ბრძოლაში სიკეთის მხარეს და ვინ – ბოროტების. ხომ გყავთ გარშემო ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ დღეს, ერთი წლის თავზე რაღაცის ახსნა სჭირდებათ, რომ სად არის სიკეთე, სად – ბოროტება. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არ ხარს ეს ხალხი, თქვენ ხართ იმედი. ამ ქვეყნიდან ხალხი იმის გამო კი არ გარბის, რომ უჭირს, იმის გამო გარბიან, რომ ჩვენი, ჯამში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების იმედი დაკარგეს, რომ ჩვენ შევძლებთ, ნორმალური ქვეყნის აშენებას. თქვენ რომ აქ დგეხართ, ეს არის ამის უარყოფა, ეს აჩვენებს, რომ ტყუილია, ყველაფერი შეგვიძლია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ. დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.