ზურაბ ჯაფარიძე - სხვებთან სიამოვნებით გავერთობი, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანი დებატები ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დებატებია
სხვებთან სიამოვნებით გავერთობი, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანი დებატები ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დებატებია, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დებატებთან დაკავშირებით პირველი არხის შეთავაზებას „გირჩი“ იღებს და ნებისმიერ ფორმატზე თანახმაა, რადგან მათთვის ნებისმიერი ეთერი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უარს არაფერზე ვამბობთ. „გირჩის“ პოზიცია ასეთია. მათ შორის, დებატებთან მიმართებაშიც არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ ნებისმიერ კანდიდატთან დავჯდებით და ნებისმიერ თემაზე ვიდებატებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია „გირჩის“ ტაქტიკა და რასთან გვაქვს საქმე, რადგან პოლიტიკური გაერთიანების წევრები ეპატაჟური, ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევიან, რის გამოც, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩნდება, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს „გირჩის“გამიზნული სტრატეგიაა.
„როცა „გირჩის“ კეთება დავიწყეთ, ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით, რა იმუშავებდა და რა არა. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ზოგადად, პრობლემა თანამედროვე სამყაროშია, არა მხოლოდ საქართველოში. ეს გლობალური პრობლემაა. იმის გამო, რომ სამყარო გაციფრულდა და კომუნიკაციის არხები ძალიან ბევრია, ადამიანები ინფორმაციის უამრავ ნაკადს იღებენ და ძალიან რთულია, ამ ნაკადებში რაღაც განსხვავებული გააკეთო, რითაც ყურადღებას მიიქცევ. თუ ყურადღება არ მიიქციე, ადამიანები არ გისმენენ, ჩვენ კი, გვჭირდება, ადამიანებმა გვისმინონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ მათ აკადემიურად ძალიან ბევრ საკითხზე უსაუბრიათ, მაგრამ ამას არავინ ისმენს. მისივე თქმით, „გირჩს“ რამდენიმე ათასი ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც დისკუსიებში, მათ შორის „ფეისბუქზე“, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებთან ერთად არიან ჩართული და მხარდამჭერთა ამ რაოდენობას „გირჩი“ სხვანაირად ვერ გააჩერებს.