ზურაბ ჯაფარიძე - შევთანხმდით, რა უნდა ვუყოთ სუს-ს, შსს-ს, პროკურატურას, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს
ზურაბ ჯაფარიძე - შევთანხმდით, რა უნდა ვუყოთ სუს-ს, შსს-ს, პროკურატურას, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს

დღევანდელ შეხვედრაზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული მართლმსაჯულების საკითხზე – შევთანხმდით, რა უნდა ვუყოთ სუს-ს, შსს-ს, პროკურატურას, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბორჯომში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება ასევე შედგა იმაზე, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები სახელმწიფო რეგულირებისგან გათავისუფლდებიან.

„ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება პრინციპულ საკითხებზე, იდეებზე, ხედვებზე, რომელთა გატარებაც ჩვენ გვინდა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გამარჯვების შედეგად.

დღევანდელ შეხვედრაზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული მართლმსაჯულების საკითხზე – შევთანხმდით, რა უნდა ვუყოთ სუს-ს, შსს-ს, პროკურატურას, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს. გარდა ამისა, პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული ფუნდამენტურ ეკონომიკურ საკითხებზე. ორ ძირითად რეფორმაზე შევთანხმდით. ერთი ესაა სახელმწიფოს ხელშია ბოლშევიკების დროს წართმეული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება, ესაა ტყეები, მიწები, უძრავი ქონება. შევთანხმდით ასევე მთავრობის ზომის და ბიუროკრატიის შემცირებაზე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 20 პროცენტამდე შემცირებაზე. შეთანხმება ასევე შედგა იმაზე, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები გათავისუფლდებიან სახელმწიფო რეგულირებისგან. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება არის. პარტიების ნაწილი, „გირჩის“ ჩათვლით, მზად იყო დღესვე გაეფორმებინა ამ თემებზე ხელმოწერები, თუმცა პარტიების ნაწილს სჭირდება შიდა კონსულტაციები, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება. უკვე მალე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ ალბათ, ალბათ თბილისში“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ..

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ინიციატივით და „ენდიაის“ ორგანიზებით ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრები იმართება.