ზურაბ ჯაფარიძე - შეთანხმება უნდა შედგეს ხუთივე პუნქტზე, თუმცა არ მჯერა, რომ „ოცნება“ მზად არის რაიმეს დასათმობად
ზურაბ ჯაფარიძე - შეთანხმება უნდა შედგეს ხუთივე პუნქტზე, თუმცა არ მჯერა, რომ „ოცნება“ მზად არის რაიმეს დასათმობად

დღის განმავლობაში, რასაც ვაკვირდებოდი, მგონი პროცესი ისევ ისე გრძელდება, როგორც გრძელდებოდა ბატონი დანიელსონის წინა ვიზიტის დროს. „ოცნების“ დათანხმება რაიმე კომპრომისზე ძალიან რთულია მომლაპარაკებლისთვის, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება შეიძლება, ყველა საკითხზე შედგეს.

„კარგი იქნებოდა, თუ იმ ხუთ პუნქტთან მიმართებაში ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიცია იქნებოდა წინასგან განსხვავებით ისეთი, რომ ჩვენთან ევროპაში ასეა და სასამართლო თქვენთანაც უნდა იყოს ასეთი, დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და კლანის ხელში არ უნდა იყოს. შეთანხმება შეიძლება შედგეს ყველა საკითხზე. ჩემი აზრით ყველა საკითხი არის პრინციპული. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და იყოს სრულად პროპორციული ნულოვანი ბარიერით, რომ დავამთავროთ ორპოლუსიანობა და ერთპარტიული მმართველობა. როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მართლმსაჯულების საკითხი არ არის მნიშვნელოვანი, თუ ამაზე შეთანხმება მოხდება, მე ამის არ მჯერა რომ ივანიშვილი ხელიდან გაუშვებს ცესკოს, საარჩევნო სისტემას, სასამართლოს ან პროკურატურას. არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით მზად არის „ოცნება“ დათმოს რამე. შეთანხმება უნდა შედგეს ხუთივე პუნქტზე, ისე შეთანხმება ვერ შედგება. ეს იყო ჩემი პოზიცია და პარტიების უმრავლესობის პოზიცია არის და იყო სულ ეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.