ზურაბ ჯაფარიძე - საქართველო რეკომენდაციების შესრულებას შეძლებს, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში
ზურაბ ჯაფარიძე - საქართველო რეკომენდაციების შესრულებას შეძლებს, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში

საქართველო რეკომენდაციების შესრულებას შეძლებს, ოღონდ ვერ შეძლებს ამ ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, რთული სათქმელია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო.

„ცხრა რეკომენდაციაში რაც წერია, 90 პროცენტი არის იგივე, რაც ეწერა მანამდე 12 რეკომენდაციაში და რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში. ცხადია, ამ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რეკომენდაციები შეასრულოს, რადგან ამ პუნქტების შესრულება მათთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ, საქართველო შეძლებს ამის გაკეთებას, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში.

14-15 დეკემბრიდან მოლოდინებს რაც შეეხება, რთული სათქმელია. ზოგადად, სტატუსთან მიმართებით პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ მგონია, რომ შანსები გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო. ასევე, ყველა ვხედავთ, რომ არსებობს პრობლემები, არის ორბანის და უნგრეთის პრობლემა, რომელიც საერთოდ საკითხის ჩაგდებას აპირებს. ასევე, არიან ქვეყნები, რომლებიც მაინცდამაინც მხარდამჭერები არ არიან, საქართველომ სტატუსი მიიღოს, ასევე არის ჰოლანდიის საკითხი, სადაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება იცვლება და ისეთმა პარტიამ მოიგო, რომელიც არათუ ევროკავშირის გაფართოების, არამედ ჰოლანდიის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერია. ამიტომ რთულია ზუსტად თქმა, რა იქნება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მოვიგებთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.