ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკური პარტიები და ლიდერები აქციაზე არ უნდა გამოჩენილიყვნენ, ეს მათი აქცია არ უნდა ყოფილიყო
ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკური პარტიები და ლიდერები აქციაზე არ უნდა გამოჩენილიყვნენ, ეს მათი აქცია არ უნდა ყოფილიყო

ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, გუშინდელი აქციის გამოძახილია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩემი აზრით, იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია პრაქტიკულად ჩავარდა, რადგან იქ ძალიან ცოტა ადამიანი გამოვიდა, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ აქციის დაშლა შეუძლია. პრინციპში, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც არასწორი იყო. პოლიციამ პრაქტიკულად, აქცია დაშალა და მათ შორის, პოლიტიკური ლიდერები დააკავა. გასაგებია, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლი არსებობს და შეუძლიათ, ამ მუხლით ნებისმიერი ადამიანი დააკავონ, მაგრამ მიზანი პოლიტიკური იყო, რომ აქცია დაშლილიყო. პოლიტიკური ლიდერების აქციებიდან მოშორება იმას გულისხმობს, რომ აქცია ვეღარ გაგრძელდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გირჩი“ აქციას არ შეუერთდა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პირველი სამი დღის განმავლობაში, როცა აქციები ზაზა სარალიძემ დაიწყო, ისინი იქ იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსთაველზე მასკარადი გაიმართა, ისინი პროცესს გამოეთიშნენ.

მისი თქმით, „გირჩი“ ზაზა სარალიძეს გულწრფელ სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენ მართლა გულწრფელად გვინდა, რომ დაისაჯონ მკვლელები და ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ. მათ შორის ისინი, ვინც, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მტკიცებულებები გაანადგურა, მაგრამ თუ ამ პროცესის სათავეში პოლიტიკური ლიდერები მოექცეოდნენ და ამ ადამიანური ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ეცდებოდნენ, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ მორალური და მათ შორის, პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რადგან ეს პროცესს დააზარალებდა. ჩვენ ასი პროცენტით მართალი აღმოვჩნდით, რადგან ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვია აქციის პოლიტიზებამ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონების მობილიზების მიუხედავად, აქცია მაინც მცირერიცხოვანი გამოდგა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები აქციაზე არ უნდა გამოჩენილიყვნენ და ეს მათი აქცია არ უნდა ყოფილიყო.

„ვინც ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარული ვართ, უნდა გვესმოდეს მარტივი რაღაც, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები და პარტიები დემონიზებული არიან. მათ შორის, ხშირშემთხვევაში, სამართლიანადაც. ადამიანები პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს არ ენდობიან და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერებს სხვა პარტიის მხარდამჭერები არ უყვართ. ამიტომ სისულელეა, რომ თურმე, პარტიები გაერთიანდებიან და ეს მათ მხარდამჭერებს დააჯამებს. საქართველოში ასე არ ხდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.