ზურაბ ჯაფარიძე -  პოლიცია არ მაძლევს შესაძლებლობას, დავარღვიო კანონი, მეუბნებიან, არ დამარღვევინებენ და პრევენციისთვის არიან აქ
ზურაბ ჯაფარიძე - პოლიცია არ მაძლევს შესაძლებლობას, დავარღვიო კანონი, მეუბნებიან, არ დამარღვევინებენ და პრევენციისთვის არიან აქ

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბართან პოლიცია არის მობილიზებული. ზურაბ ჯაფარიძეს დალუქულ ბარში შესვლა და ბარის გახსნა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა.

ჯაფარიძის თქმით, ის მიზანმიმართულად არღვევს კანონს, რადგან თვლის, რომ არსებული რეგულაციები ადამიანების უფლებებს ზღუდავს.

მისი თქმით, ბართან იქამდე იქნება, ვიდრე პოლიცია მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებს და ბარში შესვლის უფლებას არ მისცემს.

„ზუსტად არ ვიცი, დამაჯარიმეს თუ – არა, ზეპირად მითხრეს, დღემდე არ ვიცი არაფერი. ფურცელი მე არ ჩამიბარებია. გუშინ წინ ღამე მითხრეს, რომ 2 000 ლარით დაჯარიმდიო, უკანონო კომერციული საქმიანობის გამო. ამ ბარის მუღამი არის ის, რომ ვაპროტესტებ ამ შეზღუდვებს. ცხადია, ამიკრძალავ სიცოცხლეს, სიცოცხლე გახდება უკანონო. გუშინ მოვიდა პოლიცია დამილუქეს ბარი. ჩემთვის ეს პროტესტია და მოვედი, რომ გავხსნა ბარი და ამ ბარს გავხსნი, თუ არ გამაკავეს. პოლიცია დგას და არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ დავარღვიო კანონი. მეუბნებიან, არ დამარღვევინებენ და პრევენციისთვის არიან აქ. ჭიდაობას არ ვაპირებ, უბრალოდ ღამე მოვალ, რაღაცებს ვიზამ. ბარს კიდევ ბევრს გავხსნი, არ არის პრობლემა. არც ერთი ფურცელი არ მაქვს ჩაბარებული არც ჯარიმის, არც ოქმის. ჰიპოტეტურად სადღაც არის ოქმი. მაინტერესებს, რამდენ ხანს იდგებიან აქ. ორი განყოფილების პოლიცია დგას. ვარღვევ რეგულაციებს, ეს არის პოლიტიკური პროტესტი, აკრძალვებზე არდამორჩილება. არც ვმალავ ამას. ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და უკრძალავენ გადაადგილებას, მუშაობას, რესტორანში წასვლას, 21:00 საათის შემდეგ გასვლას, ამ ადამიანებს მინდა, გავაგებინო, რომ ასე მორჩილება რეგულაციების პაკეტზე, რაც სულ ტყუილად მიიღეს, ჩვენს უფლებებს ლახავს. პროტესტის მთელი აზრი არის, რომ ჩემი შვილები არ უნდა დავტოვო ასეთ ქვეყანაში. კანონს ვარღვევ მიზანმიმართულად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი განახორციელა. ჯაფარიძე უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი განმეორებით გახსნა. ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა.