ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებამ რამე წინადადება თუ არ მოიტანა მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში
ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებამ რამე წინადადება თუ არ მოიტანა მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში

ამ რეალობაში ხელისუფლება ჩვენს წინადადებას თუ არ დათანხმდა, ან რამე წინადადება არ მოიტანა მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „საქართველოში სამწუხაროდ, ინსტიტუტები არ არსებობს“.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნებზე იყო სერიოზული პრობლემები. მათ შორის, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დასაწყისში არ ჩანდა, თუ რამდენად ფუნდამენტური პრობლემები იყო და მერე გამოჩნდაო. ასევე, იყო მოწოდება იმაზე, რომ სამართლებრივი გზებით გააგრძელოს ბრძოლა ოპოზიციამ, თუმცა იქვე ხაზგასმა იყო იმაზე, რომ რთულიაო ეს საქართველოში, რადგან ნდობა არ აქვს ინსტიტუტებსო, იქნება ეს საარჩევნო ადმინისტრაცია თუ სასამართლო. ამის შემდეგ იყო შეთავაზება, რომ შეიძლება უმჯობესი იყოს, რომ ოპოზიციამ ბრძოლა გააგრძელოს პარლამენტის შიგნით.

ამაზე საუბარი იყო პომპეოს მოადგილესთანაც შეხვედრაზე და ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, ინსტიტუტები არ არსებობს. ამიტომ ის, რაც შეიძლება მუშაობდეს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს საშუალება აქვთ, რომ პარლამენტიც გამოიყენონ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის, საქართველოში ყველა ინსტიტუტი ფაქტობრივად, კონტროლდება ერთი ადამიანის – ივანიშვილის მიერ. ამიტომ ინსტიტუტების გამოყენებისთვის ბრძოლა აქ მხოლოდ თავის მოტყუებაა. შესაბამისად, თუ ამ რეალობაში ხელისუფლება ჩვენს წინადადებას არ დათანხმდა, ან რამე წინადადება არ მოიტანა მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ. დეპარტამენტის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს უთანხმოებების გადალახვასა და საარჩევნო პროცესების გაძლიერებაზე.