ზურაბ ჯაფარიძე - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ
ზურაბ ჯაფარიძე - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ

ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი არის ჩამოსული და ჩართულია ამ მოლაპარაკებებში, მე პირადად მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამ შეხვედრიდან გამომდინარე შეუძლებელია მსჯელობა იმაზე „ქართული ოცნება“ რა პოზიციებზე იქნება, ამის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო. დღეს იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. საქმის კურსში არიან ყველაფერზე, მათ შორის ბატონი დანიელსონიც. ამიტომ, არც დაგვჭირდა, რომ მოგვეყოლა, რა ხდება ქვეყანაში. ყველაფერი კარგად იცის. აინტერესებთ უბრალოდ ჩვენ როგორ ვხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს. დეტალებში ახლა არ წავალ. ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი არის ჩამოსული და ჩართული არის ამ მოლაპარაკებებში, მე პირადად მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს რომ შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ. დრო არის ძალიან ცოტა, ფაქტობრივად ორი დღე გვაქვს, რადგან ორშაბათს უკვე მიფრინავს. დღეს და ხვალ უნდა მოვასწროთ რაღაცაზე შეთანხმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი კომპრომისული ვერსია არის პლებისციტის ჩატარება.

„ჩვენთვის პრინციპული საკითხები არსებობს, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. ასეთი კრიზისიდან გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და უნდა დამთავრდეს პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა, უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ, ბუნებრივ ბარიერიან სისტემაზე. ხელახალ არჩევნებზე რა გზით მივალთ, დისკუსიის საგანია და მათ შორის ერთ-ერთი კომპრომისული ვერსია, რომელიც უკვე იდო მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პლებისციტის ჩატარება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.