ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი მიზანია, რომ ერთობა შედგეს, სხვა შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით
ეს ქვეყანა არ გარუსდება, მაგისი მე მჯერა. უბრალოდ შეიძლება, თუ ამ კონკრეტულ ბრძოლაში დავმარცხდით, იქიდან მოტრიალება დაგვიჯდეს გაცილებით ძვირი, რთული, მძიმე, მაღალი ფასი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ყველა მოძრაობს ერთი მიმართულებით.
„ჩემი მიზანია, რომ ერთობა შედგეს, სხვა შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით. ეს ქვეყანა არ გარუსდება, მაგისი მე მჯერა. უბრალოდ შეიძლება, თუ ამ კონკრეტულ ბრძოლაში დავმარცხდით, იქიდან მოტრიალება დაგვიჯდეს გაცილებით ძვირი, რთული, მძიმე, მაღალი ფასი.
ეს ბრძოლა რომ არ წავაგოთ ახლა კონკრეტულად, ამისათვის მგონია, მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია ბევრი თვალსაზრისით.
ჩემი საქმეა ამ ადამიანებთან [ოპოზიციასთან] ურთიერთობა და კომუნიკაცია, არგუმენტების ჩვენება და ახსნა, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გადავრჩებით, რასაც დიდი ხანია, ვაკეთებ.
თუ იქნება კონსოლიდაცია და ხალხი დაინახავს, რომ ყველა მოძრაობს ერთი მიმართულებით და ყველას აქვს საერთო მიზანი, ერთი და იმავეს აკეთებენ და ლაპარაკობენ… რამდენჯერაც ეს მოვახერხეთ, იმდენჯერ დავდეთ წარმატება“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.