ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რამდენად გვაქვს თანამშრომლობის უნარი, რადგან ოპოზიციაში არსებული სურათი, შესაძლოა, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს
ზურაბ ჯაფარიძე - აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რამდენად გვაქვს თანამშრომლობის უნარი, რადგან ოპოზიციაში არსებული სურათი, შესაძლოა, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს

შეხვედრაზე აინტერესებდათ ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი რამდენად გვაქვს, რადგან გვერდიდან რომ უყურებენ, მაინცდამაინც თვალწარმტაც შთაბეჭდილებას, შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ახლა ოპოზიციაშია, მგონი, გასაგები გახდა, რომ, სინამდვილეში, ერთია, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საჯარო სივრცეში რა რიტორიკით გამოდიან, და მეორეა, გვაქვს თუ არა ერთად დასხდომის და რაღაცებზე საუბრის უნარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკისთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ოპოზიციას საუბარი და შეთანხმება შეუძლია.

„მგონი, შთაბეჭდილება დარჩათ, რომ საუბარი და შეთანხმება შეგვიძლია. ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, თუ დარჩება 5%-იანი ბარიერი, ანტირუსული ხმები ამ ქვეყანაში არ დაიკარგოს და ამ ხმებიდან გამომდინარე მანდატები არ წაიღოს „ოცნებამ“. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კონფიგურაციას, რომელიც იქნება გამარჯვების რეცეპტი, რომელიც არ მისცემს საშუალებას „ოცნებას“, წაიღოს აქედან მანდატები. ამის დრო იქნება, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე. ახლა ჩვენ ამ თემაზე აღარ ვმუშაობთ, თუმცა ამის დრო დადგება და ეს დრო იქნება მომავალი წლის გაზაფხული. ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთი არის ხელის შეშლა „ქართული ოცნების“ ხმების გამომძალველი მანქანისთვის, რომლის სათავეშიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამის პროექტი არის „მონა.ჯი“; მეორე  – ემიგრანტებთან მუშაობა, რომ საზღვარგარეთ გაიხსნას რაც შეიძლება ბევრი უბანი, რომ ემიგრანტების მაღალი ჩართულობა იყოს. არ შეიძლება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდეს მილიონი ადამიანი და არჩევნებზე მოდიოდეს 13 ათასი. მათთვის ხმის მიცემის პროცედურების გამარტივება არის პრინციპული საკითხი, ამაზეც დაწყებულია პროექტი, დაახლოებით 20-მდე ქალაქში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება, მოთხოვნები გაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.