ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ომის კამპანიას არ დაუპირისპირდნენ, რადგან მასზე მოკლე, გასაგები და ეფექტური პასუხი ვერავინ მოიფიქრა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ომის კამპანიას არ დაუპირისპირდნენ, რადგან მასზე მოკლე, გასაგები და ეფექტური პასუხი ვერავინ მოიფიქრა

ბევრი მსჯელობა, დისკუსია იყო, საბოლოო ჯამში, ვერავინ მოიფიქრა, მოკლე მესიჯით როგორ შეიძლებოდა, ეფექტური პასუხი გაგეცა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „რადიო თავისუფლების“ ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ზურაბ ჯაფარიძეს კითხვა დაუსვა: „ერთ-ერთი მოქალაქის გამოხმაურებაა, რა გამართლებაა, რომ ომის კამპანიას არ დაუპირისპირდით აქტიურად მხოლოდ იმის გამო, რომ ლაკონიურად ვერ იხსნებოდა?“

„ამაზე იყო ბევრი მსჯელობა, მსჯელობა იყო პარტიებშიც, მათ შორის რამდენიმე პარტიას ჰყავდა კონსულტანტები, არსებობს კიდევ რამდენიმე „სტრატკომი“, ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორში შექმნილი. ბევრი დისკუსია იყო. საბოლოო ჯამში, ვერავინ მოიფიქრა, მოკლე მესიჯით როგორ შეიძლებოდა, ეფექტური პასუხი გაგეცა ამაზე. თვითონ სიტყვა „ომს“ რომ იმეორებდი, უკვე იმის მესიჯის მულტიპლიკაციას აკეთებდი. საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმებული იყო, რომ სადღაც ეთერში თუ ზიხარ და გაქვს საშუალება, ახსნა, შეგიძლია ახსნა, მაგრამ, კამპანიის თვალსაზრისით, იმას, რომ რაღაც მესიჯი დაუპირისპირო, სჯობს, საერთოდ დააიგნორო, სხვა რაღაცებზე გააკეთო ფოკუსი. ეს გაცილებით ეფექტურია. ეგ არის და ეგ. მე საერთოდ არ ვზომავ ეგეთ რაღაცებს, არც მესიჯბოქსები მაქვს, რასაც მეკითხებიან, იმაზე ვლაპარაკობ. მართლა ვერ მოიფიქრეს ისეთი რაღაც, რაც შეიძლებოდა, მოკლე, გასაგები და ეფექტური პასუხი ყოფილიყო. ბანერზე დიდ ტექსტს ხომ არ დაწერ და სატელევიზიო რეკლამაში დიდ ტექსტს ხომ ვერ გაუშვებ? ხომ მაგაზეა ლაპარაკი, რომ ეგეთი რამ არ არსებობდა?“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.