ზურაბ იაშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს
ზურაბ იაშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს. რაც შეეხება ბრალდებას, გუშინაც აღვნიშნე, რომ არ ვეთანხმები.

საქმის მასალებს გავეცანი და ადვოკატთან ერთად ვადასტურებ, რომ საერთოდ შორს არის სიმართლისგან ის ბრალდება, რაც მაქვს წაყენებული.

ყველა ტრანზაქცია, ყველა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა განხორციელებულია კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ზურაბ იაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გუშინ ახალი ბრალი წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.