ზურაბ ჟვანიამ „ვოსფსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ზურაბ ჟვანიამ „ვოსფსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრების ბურჯმა მეტ მალენმა „ვოსფსი“ დატოვა, დადასტურდა, რომ ზურაბ ჟვანია კოვენტრულ კლუბთან კონტრაქტს აგრძელებს. ქართველი მორაგბე ინგლისურ კლუბში 2020 წლის ჩათვლით დარჩება.

27 წლის ჟვანია, რომელიც გუნდში, 2018 წლის ზაფხულში, სწორედ მალენის ტრავმის გამო მივიდა, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გახდა. პოპულარული სარაგბო გამოცემა „რაგბიპასის“ სტატისტიკით, იგი „გალაჰერ პრემიერშიფის“ ბურჯებს შორის მეშვიდეა. „ვოსფსში“ გადასვლამდე ზურაბ ჟვანიამ ექვსი სეზონი პარიზულ „სტად ფრანსეში“ გაატარა, სადაც 100-ზე მეტი კეპი მოიპოვა და 2015 წელს კლუბთან ერთად საფრანგეთის „ტოპ 14“-ის გამარჯვებულიც გახდა.

„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში მას 37 მატჩი აქვს ჩატარებული და ბურჯის ანგარიშზე უკვე 11 სანაკრებო ლელოა.

„კლუბში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბევრი მეგობარი შევიძინე. „ვოსფსში“ კარგი გუნდური კულტურაა და მინდა კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა ჟვანიამ.

კონტრაქტის გახანგრძლივებას დადებითად აფასებს გუნდის დირექტორი, დაი იანგი – „მეტ მალენის დაკარგვა დიდი დარტყმაა, თუმცა ზურაბმა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი. ჟვანია დიდი და ფიზიკურად ძლიერი მორაგბეა, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და ეჭვგარეშეა, რომ ის უკვე ჩვენი შერკინების ძირეული ნაწილია.“