ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვინც ლარის გაუფასურებას მიმდინარე აქციებს უკავშირებს, კითხვას დავუსვამ - ამას 2015 წლიდან ვხედავთ და მაშინ ასეთი აქციები სად იყო
ვინც ლარის გაუფასურებას მიმდინარე აქციებს უკავშირებს, კითხვას დავუსვამ – ამას 2015 წლიდან ვხედავთ და მაშინ ასეთი აქციები სად იყო, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორც ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ლარის არსებული მდგომარეობა განპირობებულია იმ მავნებლური პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ შვიდი წლის განმავლობაში ატარებს.
„ვინც ლარის კურსის ასეთ მდგომარეობას მიმდინარე აქციებს უკავშირებს, მარტივ კითხვას დავუსვამდი – ლარის კურსის ვარდნას 2015 წლიდან ვხედავთ და მაშინ, ასეთი აქციები სად იყო? არც საზოგადოებასა და არც ინვესტორებში რწმენა არ არსებობს, რომ ლარსა და ეკონომიკას რაიმე ეშველება. ლარის გამყარება დამოკიდებულია მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია ნაკლებ რეგულაციებსა და დაბალ გადასახადებზე, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის და ფასებს დაასტაბილურებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.