ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ წარსულის ქექვით არის დაკავებული, მოქალაქეებისთვის სასარგებლოს ვერ გააკეთებს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ წარსულის ქექვით არის დაკავებული, მოქალაქეებისთვის სასარგებლოს ვერ გააკეთებს

საზოგადოებას „ქართული ოცნების“ შეცვლა უნდა, მაგრამ მმართველი პარტია მათ მუდმივად აშინებს, რომ „ქართული ოცნების“ შეცვლა მხოლოდ შავ-ბნელ, შეცდომებიან წარსულში დაბრუნებას ნიშნავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ დღეს განასახიერებს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ამბობს, რომ ამ შეცდომებზე ლაპარაკის არ გვეშინია, ჩვენ აქედან დასკვნა გამოტანილი გვაქვს და ამას არ გავიმეორებთ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დავასრულოთ, ეს არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც ეხება.

„ჩვენ კანონის უზენაესობის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც თანამდებობა იმუნიტეტს არ იძლევა, მაგრამ არ არსებობს წინასწარ დაწერილი სია, თუ ვინ უნდა წავიდეს ციხეში, როგორც ეს 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, გვჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წარსულში, ან მომავალში ვიღაცამ ვიღაცას ხელი დააფაროს, არამედ იმას, რომ ქართველმა ხალხმა, ექვსი წლის განმავლობაში, კარგად დაინახა, ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ წარსულის ქექვით, დაპატიმრებებით და სხვისი ლანძღვით არის დაკავებული, მოქალაქეებისთვის ვერაფერ სასარგებლოს ვერ გააკეთებს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წელს, ევროსაბჭოში დეპუტატებმა რეზოლუციაში შესწორებას მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ რუსეთი ფურცლით დადიოდა და საქართველოს მაშინდელი ოპოზიციის, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მოჰყავდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„ის, რომ ეს პუნქტი იქ მოხვდა და სამწუხაროდ, რუსეთმა ამის გატანა მოახერხა, იმის გამო მოხდა, რომ მაშინდელი ოპოზიცია, დღევანდელი მთავრობა და პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ამას უშვებენ, ყველა ლაპარაკობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთი თავის არგუმენტაციაში, ევროდეპუტატებთან სწორედ ამას იყენებდა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.