ზურაბ ჭიაბერაშვილი - მუქარის წერილში მამუკა ხაზარაძე მესამე პირად არის მოხსენიებული და დიდი შანსია, ადრესატები სხვებიც ყოფილიყვნენ
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მუქარის წერილში მამუკა ხაზარაძე მესამე პირად არის მოხსენიებული და დიდი შანსია, ადრესატები სხვებიც ყოფილიყვნენ

მუქარის წერილში მამუკა ხაზარაძე მესამე პირად არის მოხსენიებული და დიდი შანსია, ამ მუქარის ადრესატები სხვებიც ყოფილიყვნენ, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას შემეცნებითი არხის მიმართ, რადგან მამუკა ხაზარაძის მიერ გასაჯაროებულ წერილში „არტარეაც” არის ნახსენები, „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაესვას, თუ წერილის ნამდვილობა დადასტურდება. 

„მე პირადად, ეჭვი არ მეპარება და დიდი იმედი მაქვს, ამ საქმეს გაცილებით მეტი სინათლე მოეფინება. თუ თქვენც ეს კითხვა გაქვთ, რა შუაშია „არტარეა“ და ა.შ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ სწორედ ეს კითხვები განიხილონ და გაარჩიონ არა მხოლოდ სამართლებრივი ნაწილი, ვთქვათ, წერილი მართლა იყო თუ არა გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ა.შ, არამედ გაარჩიონ პოლიტიკური ნაწილიც, რა პოლიტიკის ნაწილი იყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.