ზურაბ ჭიაბერაშვილი - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრს, ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას, სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრს, ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას, სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრს, დროზე გაემიჯნონ ივანიშვილს, კობახიძეს, ეს არაფერს კარგს არც მათ და, სამწუხაროდ, არც ქვეყანას არ მოუტანს. თხოვნა არის როგორც ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ისე მთელი საქართველოსი, რომ ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს, რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის.

„მთელმა საქართველომ უკვე გაიგო იმ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. საქმე არის ძალიან სერიოზულად და ჩიხში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა და მასთან ერთად მისი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები ამ ჩიხში შეიყვანა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. პირველ რიგში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რადგან ბატონმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯებს შეერთებული შტატები დგამს და გადადგამს სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურთ დემოკრატია, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ეროვნული მიზნებით მოქმედი ხელისუფლება და რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. მსოფლიოში, სამწუხაროდ, არსებობენ ავტორიტარული რეჟიმები, არადემოკრატიული რეჟიმები, მაგრამ ყველას შეერთებული შტატები არ უწესებს სანქციებს. სანქციები უწესდება მხოლოდ ისეთ რეჟიმებს, სადაც მკაფიოდ ჩანს ხალხის ნება და არსებული რეჟიმი მკვეთრად უპირისპირდება ხალხის ნებას. სწორედ ეს არის ხაზგასმული ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მიზეზი, თუ რატომაც შეერთებული შტატები გადადგამს ნაბიჯს სანქციების მიმართულებით“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა ეკუთვნით, რადგან ისინი არ ტოვებენ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ამ ისტორიულ ბრძოლაში.

„სამშაბათამდე, ვიდრე ივანიშვილისა და კობახიძის დავალებით დააპირებენ ვეტოს გადალახვას, ყველას აქვს შანსი, რომ გადაირჩინოს თავიც და ქვეყანას ააცილოს ის ესკალაცია, რისკენაც, სამწუხაროდ, ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არიან ისინი, ვინც დღემდე მოიყვანა ქვეყანა, ისინი, ვინც ამის შემდგომ არჩევნებამდე აპირებენ ისევ და ისევ იძალადონ ქართველი ხალხის ნებაზე, ან ვინც დააპირებს ამის გაკეთებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული და კრიტიკული მომენტი და ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრს, დროზე გაემიჯნონ ივანიშვილს, დროზე გაემიჯნონ კობახიძეს, ეს არაფერს კარგს არც მათ და, სამწუხაროდ, არც ქვეყანას არ მოუტანს. ამიტომ, თხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თხოვნა არის მთელი საქართველოსი, რომ ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას და სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.