ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს

როცა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში გავრილოვები ჩამოჰყავს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სვამს, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია და პოლიტიკური ნება არ აქვს, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჟენევის 48-ე რაუნდის ჩატარებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ჟენევის მოლაპარაკებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმაც და პირველ რიგში რუსეთმა იცოდეს, რომ ქვეყანას გამართული საგარეო პოლიტიკა აქვს, რომელიც მიმართულია ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღევანდელ რაუნდზე დააყენებს.

უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გარდა ამისა, საქართველოს დელეგაცია ყველა იმ საკითხის მწვავედ და მკაფიოდ დასმას აპირებს, რომელიც წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს შეადგენდა.