ზურაბ ჭიაბერაშვილი - ღიმილისმომგვრელია, გიორგი გახარიას შესაძლო დანაშაულზე გამოძიებას ატარებდეს ან თავად გახარია, ან წულუკიანი, ან თადუმაძე
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ღიმილისმომგვრელია, გიორგი გახარიას შესაძლო დანაშაულზე გამოძიებას ატარებდეს ან თავად გახარია, ან წულუკიანი, ან თადუმაძე

ცოტა ღიმილისმომგვრელია, ბატონი გახარიას შესაძლო დანაშაულზე გამოძიებას ატარებდეს ან თავად გახარია, ან წულუკიანი, ან თადუმაძე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ისინი ერთი გუნდის წევრები არიან და ამ შემთხვევაში, მიუკერძოებელი საპარლამენტო კომისია ყველაზე საუკეთესო წყაროა, სიტუაციას ნათელი მოეფინოს, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც სასამართლოდან გამოსული მამუკა ხაზარაძე „კაგებეშნიკურ“ მეთოდებზე ლაპარაკობს, ბუნებრივია, ის ხაზს უსვამს უნდობლობას მთელი იმ სისტემის მიმართ, რა სისტემაც მთელ საზოგადოებას აწუხებს.

„დღეს, სასამართლოს დაკომპლექტება და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემა განხილვის საგანია და ბუნებრივია, ასეთ პირობებში, როდესაც მას საგამოძიებო ორგანოების მიმართ ნდობა არ აქვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის საუკეთესო გზა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ უჩენს მას ეჭვს ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული ინტერესის და კითხვების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე შუამავლის ვინაობას არ ასახელებს, რაც ამ საქმეში სიცხადეს შემოიტანდა და ფიქრობს თუ არა ის, რომ ამ ეტაპზე, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას გამაფრთხილებელ გზავნილებს უგზავნის და დეტალების ბოლომდე გასაჯაროებას გაურბის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „თიბისი” ბანკის წინააღმდეგ მიმართული ამბავი უკვე, რვა თვეა გრძელდება და მამუკა ხაზარაძე დიდხანს ინარჩუნებდა დუმილს, სანამ საქმე თვითონ პროკურატურამ არ გახეთქა 9 იანვარს.

„9 იანვრიდან მოყოლებული, „თიბისი” ბანკის დამფუძნებლებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს, რომ პარლამენტში მივიდოდნენ და საჯაროდ ილაპარაკებდნენ. თქვენ ნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, წინა კვირაში, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაც კი ჩაშალა, ოღონდ მოსმენა არ ყოფილიყო“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.