ზურაბ ჭიაბერაშვილი - ათასობით ადამიანს ხელთ აქვთ ანალიზის პასუხი, რომ C ჰეპატიტი აქვთ და მკურნალობის პროცესში არ არიან ჩართული
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ათასობით ადამიანს ხელთ აქვთ ანალიზის პასუხი, რომ C ჰეპატიტი აქვთ და მკურნალობის პროცესში არ არიან ჩართული

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება, ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა.

“ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია, რათა ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ.

პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, რომლის მიხედვით: 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, როგორც წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან, 2018 წლის დეკემბრამდე პირველადი შემოწმების კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. წარმოდგენილი მონაცემებით, 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. დადასტურების კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს. ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუ ოთხი წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, საინტერესოა, როგორ მოხერხება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.