ზურაბ აზარაშვილი - თურქულ მხარესთან გვექნება შეთანხმება, რათა მედიკამენტებზე ფასმა ხელოვნურად არ აიწიოს და მაქსიმალურად გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს
ზურაბ აზარაშვილი - თურქულ მხარესთან გვექნება შეთანხმება, რათა მედიკამენტებზე ფასმა ხელოვნურად არ აიწიოს და მაქსიმალურად გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად აფთიაქებში უკვე რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტი იყიდება.

მისივე თქმით, მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფებულია.

„მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ გავხსენით და აღიარებით სიაში დავამატეთ თურქეთის ბაზარი. ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ ეს არ იმოქმედებდა წამლის ფასებზე. დღეს უკვე გვაქვს ის რეალობა, რა მოლოდინიც გვქონდა. უკვე აფთიაქებში რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული. ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში, 80-90 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ერთი კვირის და ერთი თვის წინ. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ, ასევე ვაგრძელებთ იმ რეკომენდაციებს, რაც მეტად გამჭვირვალეს გახდის ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში. ვიმედოვნებთ, ყველაფერი ეს ერთობლიობაში მეტად დაასტაბილურებს და ხელმისაწვდომს გახდის მედიკამენტების ფასს ჩვენი ქართველი მოქალაქეებისთვის. ჯამში, ველოდებით, რომ 200-მდე მედიკამენტი შემოვა თურქეთიდან და ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნებიდან წამლების იმპორტს. შესაბამისად, მოხდება მათი ფასების გაიაფება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ის დღეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდება.

მისივე თქმით, თურქ კოლეგასთან დეტალურად განიხილავს თურქული მედიკამენტების საქართველოსთვის ხელმისაწვდომობის საკითხს. როგორც აზარაშვილი ამბობს, ასევე მედიკამენტების ხარისხსა და ფასებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები ექნებათ.

„საკუთარი დღევანდელი ვიზიტის თემას რაც შეეხება, ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას უფრო დეტალურად განვიხილავთ საქართველოსთვის თურქული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. ასევე, გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმებები, თუ როგორ მოხდეს ამ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება. გარდა ამისა, საუბარი მექნება, როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასების დაწესება და გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს, რათა მედიკამენტებზე  ფასის ხელოვნურად აწევა არ მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პირდაპირი შეთანხმება და წვდომა თურქულ მხარესთან “, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.