ზურაბ აზარაშვილი - თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების შემოტანის შედეგად 100 000-ზე მეტი ადამიანი წლის განმავლობაში 200 მილიონი ლარით ნაკლებს იხდის
ზურაბ აზარაშვილი - თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების შემოტანის შედეგად 100 000-ზე მეტი ადამიანი წლის განმავლობაში 200 მილიონი ლარით ნაკლებს იხდის

თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკამენტების შემოტანის შედეგად 100 000-ზე მეტი ადამიანი წლის განმავლობაში 200 მილიონი ლარით ნაკლებს იხდის, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან პარალელური იმპორტით შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააიაფა ძვირადღირებული მაღალი ხარისხის მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა და წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონია, რასაც ჩვენი მოსახლეობა ზოგავს. ანუ, 100 000-ზე მეტ ადამიანს წლის განმავლობაში 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა უწევს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია ფარმაცევტული კომპანიების ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში, რადგან მედიკამენტები თურქეთშიც ძვირდება, ეს, ბუნებრივია, ქართულ ბაზარზეც აისახება, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 36%-იანი ცვლილება იმ ფარმაცევტული კურსის, რომელიც ლირის ევროსთან მიმართებაშია, ჩვენ ბაზარზე საბოლოო მომხმარებლამდე ფარმაცევტული პროდუქტის გაძვირებას იწვევს – 8-10%-ით და არა – 36,5%-ით, რაზეც არის ხოლმე საუბარი.

„თურქეთში არის ე.წ ფარმაცევტული კურსი, ანუ ევროს ლირასთან მიმართებაში კურსი. ოღონდ, ეს არ არის კომერციული კურსი და არის, ერთი შეხედვით, დაფიქსირებული კურსი, რომელსაც პერიოდულად, როცა ლირის მკვეთრი გაუფასურება ხდება, გადახედავს მთავრობა და ახალ კურსს აწესებს. წინა პერიოდში სპეკულაციები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ 36,5%-ით შეიცვალა ის ფარმაცევტული კურსი, ლირის ევროსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ამას ჰქონდა 8-დან 10%-მდე ეფექტი. ამიტომ ამას ცალმხრივად არ უნდა ვუყუროთ და უნდა ვუყუროთ აუცილებლად ლარის დოლართან გამყარების პროცესით. ანუ, მათემატიკურად თუ გამოთვლით, 36%-იანი ცვლილება იმ ფარმაცევტული კურსის, რომელიც ლირის ევროსთან მიმართებაშია, ჩვენს ბაზარზე საბოლოო მომხმარებლამდე ფარმაცევტული პროდუქტის გაძვირებას იწვევს 8-10%-ით. ასე რომ, ნამდვილად არ არის ის, რომ თითქოს 36% პირდაპირ აქ აისახება. ეს არის 8-10%“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო მედიკამენტების ფასების მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა აქ მხოლოდ სახელმწიფო და კონტროლის მექანიზმები საკმარისი არ არის.

„ქვეყანაში უნდა იყოს სოციალური პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კომპანიებმაც მარჟები, რაც თურქულ მედიკამენტებზე თურქეთიდან შემოტანისას რჩებათ, ის გონივრული მარჟები უნდა დაიტოვონ და არა ორჯერ და სამჯერ გაზრდილი ფასები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შეთანხმების სხვადასხვა ფაქტი თუ დაფიქსირდება, კონკურენციის სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირება ექნება, რის შესაძლებლობასაც გაზრდის უკვე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ უახლოეს მომავალში გაიზარდოს იმ 1 100 მედიკამენტის ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესდა, აზარაშვილმა განაცხადა, რომ ჩამონათვალის გაზრდა მოხდება ეტაპობრივად და მას პერიოდულად დაახლოებით 2 000-2 000 მედიკამენტი დაემატება.

შეკითხვაზე, რას შეცვლის წამლის ლაბორატორიის ამოქმედება, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ წამლის ლაბორატორიის ამოქმედებით შესაძლებელი გახდება, გადაზღვეული იქნას ყველა სპეკულაცია, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან უხარისხო მედიკამენტების შემოტანასთან.