ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა შერაზ გასრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გასული წლიდან წარმატებით ხორციელდება.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც მოქალაქეების ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად.

ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს კიდევ ერთ რეფორმაზე, რეფერენტულ ფასებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.