ზურაბ აზარაშვილი - რეკორდულად მოკლე დროში მოგროვდა 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად სამედიცინო საშუალებები, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში
ზურაბ აზარაშვილი - რეკორდულად მოკლე დროში მოგროვდა 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად სამედიცინო საშუალებები, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეკორდულად მოკლე დროში მოგროვდა 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად სამედიცინო საშუალებები, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში.

აზარაშვილის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო მილიონი ლარი ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად და ასევე, ინიციატივა გამოთქვეს, ჩაერთნენ კერძო კომპანიები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

„მოგახსენებთ გუშინ ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. მოგეხსენებათ, პარასკევს პრემიერის გადაწყვეტილებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო მილიონი ლარი ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო – ინიციატივა გამოთქვეს და ამაში ჩაერთნენ კერძო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები, ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. რეკორდულად მოკლე დროში, ერთ დღემდე ვადაში მოგროვდა 100 ტონამდე ტვირთი. ძირითადად, სამედიცინო საშუალებები, ასევე, სხვადასხვა მედიკამენტი, რომლებიც აუცილებელია ომში დაჭრილების დასახმარებლად. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან და მქონდა შეკითხვები, თუ არის საჭიროება სისხლის მიწოდების, რაზეც მათ განმიცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა გავაგზავნეთ მაინც ამ ტვირთთან ერთად უკრაინაში და ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება მათ ექნებათ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ქვეყანაში დღეისათვის არის სისხლის საკმარისი მარაგები და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ამის გაგზავნასაც მთავრობა უზრუნველყოფს.

„მინდა დავაზუსტო, ბევრი შეკითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან, ასევე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან და თუ ამის საჭიროება იქნება, ქვეყანაში დღეისათვის არის სისხლის საკმარისი მარაგები და ამის გაგზავნასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი