ზურაბ აზარაშვილი - ფასებზე ზედა ზღვარი შეეხება ყველა მედიკამენტს, მათ შორის თურქულს, 500 და 100-პროცენტიანი მარჟების დადების შესაძლებლობა აღარ იქნება
ზურაბ აზარაშვილი - ფასებზე ზედა ზღვარი შეეხება ყველა მედიკამენტს, მათ შორის თურქულს, 500 და 100-პროცენტიანი მარჟების დადების შესაძლებლობა აღარ იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში დეტალურად ისაუბრა, რას გულისხმობს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება. აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასების ფარგლებში, მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც წამლების ფასს სამართლიანს გახდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, დღემდე ფარმაცევტულ კომპანიებს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და შეეძლოთ, მედიკამენტზე ნებისმიერი მარჟა დაედოთ.

„დღეისთვის და აქამდე როგორც იყო, ფარმაცევტულ კომპანიებს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ მარჟებზე. მათ შეეძლოთ, ნებისმიერი მარჟა დაედოთ მედიკამენტზე, იქიდან გამომდინარე, როგორი მოთხოვნა იყო. ამის მიხედვით განისაზღვრებოდა ფასი. ჩვენ შემთხვევაში, უკვე ავიღეთ რეფერენტული ფასები, კონკრეტული მედიკამენტების ჩამონათვალი. ვნახულობთ, კონკრეტულ ქვეყანაში რა ფასად იწარმოება ან იმპორტირდება ეს მედიკამენტები, რასაც დაემატება გონივრული მარჟები, რომლებიც საჭიროა დისტრიბუციისთვის და ქსელში პაციენტებისთვის მისაწოდებლად. მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში დადგინდება ფასები. მაგალითად, რომ შევადაროთ თურქეთის ბაზრის გახსნას, თურქეთის ბაზრის გახსნით ჩვენ გავაჩინეთ იგივე მედიკამენტის იაფი კონკურენტი. თურქეთში მკაცრი რეგულაციებია ფასებზე. თურქეთიდან მედიკამენტები როცა შემოდის საქართველოში, იგივე მედიკამენტზე თავისუფალი ფასთწარმოქმნით, თავისუფალი ბაზრიდან შემოსვლისას, ნებისმიერი ფასის დაწესება შეეძლოთ. ახლა რადგან კონკურენტი გაუჩნდათ საკმაოდ იაფიანი, წლების განმავლობაში გაცილებით ძვირად რომ ჰყიდდნენ, იმ მედიკამენტებზეც უკვე უწევთ ფასის დაკლება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეფერენტული ფასები როდესაც დაწესდება, ის თურქულ მედიკამენტებსაც შეეხება.

„რეფერენტულ ფასებს როცა განვსაზღვრავთ, ეს შეეხება თურქულ მედიკამენტებსაც და ყველა მედიკამენტს. ყველა მედიკამენტზე იქნება განსაზღვრული სამართლიანი ფასები მოგებისა და ყველაფრის გათვალისწინებით. ნამდვილად აღარ ექნებათ შესაძლებლობა 500 და 100-პროცენტიანი მარჟების, როგორც დღემდე შეეძლოთ. სრულად იქნება დაცული მომხმარებელთა უფლებები. ასევე, ძალიან დიდი შემსყიდველია სახელმწიფო და სახელმწიფოსაც იგივე ფასად მიეწოდება “, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.