ზურაბ აზარაშვილი - „ჯიემპის“ სერტიფიკატები მოვითხოვეთ ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც, ვერცერთი კომპანია მედიკამენტს „ჯიემპის“ ხარისხის სერტიფიკატის გარეშე ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის
ზურაბ აზარაშვილი - „ჯიემპის“ სერტიფიკატები მოვითხოვეთ ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც, ვერცერთი კომპანია მედიკამენტს „ჯიემპის“ ხარისხის სერტიფიკატის გარეშე ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება დაახლოებით ათ პროცენტამდეა და 90 პროცენტი იმპორტზე მოდის.

ამასთან, აზარაშვილის თქმით, მიმდინარე წლიდან ვერცერთი კომპანია ადგილობრივად წარმოებულ მედიკამენტს „ჯიემპის“ ხარისხის სერტიფიკატის გარეშე ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის.

„დღეისთვის დაახლოებით ათ პროცენტამდეა მთლიანი ფარმაცევტული ბაზრის ადგილობრივი წარმოება, დანარჩენი – სრულად 90 პროცენტი, შეიძლება მეტიც, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ასევე, ჩვენ გასული წლის იანვრიდან მოვითხოვეთ დამატებითი სერტიფიკატები, „ჯიემპის“ სერტიფიკატები იმპორტის შემთხვევაშიც და ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც. უკვე მიმდინარე წლიდან ვერცერთი კომპანია ადგილობრივად წარმოებულ მედიკამენტს „ჯიემპის“ სტანდარტის გარეშე ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის. ჩვენ 2025 წლამდე დავუტოვეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის გარეთ – თუ რომელიმე ქვეყანა ამ სერტიფიკატის გარეშე მიიღებს – შეუძლიათ, ექსპორტზე გაიტანონ, საქართველოში „ჯიემპის“ ხარისხის სერტიფიკატის გარეშე ისინი მედიკამენტს ვერ გაყიდიან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

მინისტრის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა სულ 10 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ფარმაცევტულ ბიზნესს სახელმწიფოსგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს ფარმაცევტულ ბიზნესს როგორც დისტრიბუციის იმპორტის, ასევე ადგილობრივი წარმოების ნაწილში. უბრალოდ, დღეისთვის სულ რამდენიმე კომპანიაა, რომლებმაც მოახერხეს და „ჯიემპი“ სერტიფიკატი აიღეს. დისტრიბუციის ნაწილში „ჯიდიპი“ სერტიფიკატი გაცილებით მეტს აქვს აღებული. ვფიქრობ, ეტაპობრივად სხვა კომპანიებიც გადაერთვებიან და ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული მედიკამენტი საქართველოშიც გაყიდონ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის „ჯიემპის“ სერტიფიკატი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ სამ კომპანიას აქვს აღებული.

„ჯამური ბაზრის ათი პროცენტის ფარგლებში ეს სამი კომპანია აწარმოებს მედიკამენტების დაახლოებით 80 პროცენტს, ანუ ეს საკმაოდ ბევრია. ამ სამი კომპანიის წარმოებული პროდუქცია, რაც საქართველოს ბაზარზე იყიდება, ხარისხიანია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნულ ლაბორატორიასთან დაკავშირებითაც, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება და აღნიშნა, რომ იმპორტირებულ თუ ადგილზე წარმოებულ მედიკამენტებს უკვე საქართველოში გადაამოწმებენ.

„ბოლო ეტაპზეა და წამლის ლაბორატორია ძალიან მალე უნდა გავხსნათ. ჩვენ ნებისმიერს, იმპორტირებულ თუ ადგილზე წარმოებულ მედიკამენტებს გადავამოწმებთ უკვე ჩვენს ლაბორატორიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაკონტროლებთ ხარისხს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.