ზურაბ აზარაშვილი - კლინიკებში სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი
ზურაბ აზარაშვილი - კლინიკებში სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი

გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ნაწილში თანხების მობილიზება, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, შემდეგ წლებშიც საჯარო მოხელეების ანაზღაურება იყოს კერძო კომპანიების ანაზღაურებასთან შედარებით კონკურენტული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2025 წლის ჩათვლით საჯარო მოსამსახურეებს ხელფასი ყოველწლიურად 10-10 პროცენტით გაეზრდებათ.

„მოგეხსენებათ, 2017 წლის შემდეგ წელს იყო პირველი წელი, როდესაც მასობრივად მოემატათ ყველა საჯარო მოსამსახურეს ხელფასი. 10-პროცენტიანი ზრდა პირველი იანვრიდან იყო. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ნაწილში თანხების მობილიზება, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, შემდეგ წლებშიც საჯარო მოხელეების ანაზღაურება იყოს კერძო კომპანიების ანაზღაურებასთან შედარებით კონკურენტული. აქედან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად 10-10 პროცენტით მოემატებათ საჯარო მოსამსახურეებს ხელფასი. საერთო ჯამში, დაახლოებით 50-პროცენტიანი ზრდა იქნება იმასთან შედარებით, რაც იყო ხელფასები 2020 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურება იზრდება კლინიკებშიც. ასევე, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში დაქვემდებარებულ 17-ვე ამბულატორიაში მნიშვნელოვნად გაეზარდათ ხელფასები.

„კლინიკებში მოხდა მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის. იგივე მინიმალური ანაზღაურების გადავრცობა მოხდა დღეიდან უკვე ჩვენს მართვაში არსებულ სხვა კლინიკებში. ამბულატორიები რაც გვაქვს ჩვენს მართვაში – 17 ამბულატორიაა ქვეყნის მასშტაბით, მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურებები. ამ მომენტისთვის ეს არის მინიმუმი, რაც შეუძლია, სახელმწიფოს მათი დაფინასების ფარგლებში, ასევე იმ სამედიცინო სერვისების ფარგლებში, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკებისთვის. ეს არის, რაც ჩვენ შეგვეძლო, სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ დღეისთვის ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, აზარაშვილმა უპასუხა კითხვას, როდის მოხდება კერძო კლინიკებში მინიმალური ხელფასის სტანდარტის დამკვიდრება.

როგორ აზარაშვილი ამბობს, კერძო კლინიკებს მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებას სავალდებულოდ განუსაზღვრავენ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში აფინანსებს მათ.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, სახელმწიფო კლინიკებს და ამბულატორიებს აქვთ იგივენაირად შემოსავალი, როგორც კერძო კლინიკებს. ის სამედიცინო სერვისები და მომსახურება, რასაც სახელმწიფო კლინიკები უწევენ და შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვიდან ხდება მათი ანაზღაურება, დაახლოებით 80-დან 90 პროცენტამდე კერძო კლინიკების შემთხვევებშიც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ანაზღაურებს და მათი შემოსავალი ძირითადად სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ბიუჯეტს რაც შეეხება, ის გამომდინარეობს იქიდან, რა შემოსავალსაც ეს კლინიკები იღებენ და შემოსავლიდან გამომდინარე შეუძლიათ მათ ხელფასების გაცემა. მაგალითად, გასულ თვეში ან ორი თვის წინ რა შემოსავალიც, დატვირთულობაც ჰქონდათ საათობრივად ექიმებს, ექთნებს თუ სანიტრებს, ამ შემოსავლიდან გამომდინარე გვაქვს ის ტარიფები, მინიმალური ხელფასი, რასაც მათ ვუხდით. ეს მათ შემოსავალზეა დამოკიდებული და არა ბიუჯეტით დაფინანსებაზე. ათპროცენტიანი ზრდა, რაც უნდა იყოს საჯარო მოხელეებზე, ეს ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში იქნება. კერძო კლინიკების შემთხვევაში, მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებას სავალდებულოდ განვუსაზღვრავთ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ ვაფინანსებთ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში და რასაც ვუხდით სამედიცინო სერვისებსა და მომსახურებებზე. ეს მიბმული იქნება იმ ნაწილზე, რა ტარიფებსაც განვსაზღვრავთ „დიარჯი“ მეთოდოლოგიით“, – აღნიშნა აზარაშვილმა.