ზურაბ აზარაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დავამუშავეთ პროექტი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს საზღვარგარეთ უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს
ზურაბ აზარაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დავამუშავეთ პროექტი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს საზღვარგარეთ უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს საზღვარგარეთ უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილი, ქვეყანაში სერვისების არასრული სპექტრის არსებობის გამო, სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სამედიცინო სერვისები როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან და სოლიდარობის ფონდიდან წლიური ლიმიტების ფარგლებში უნაზღაურდება, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ჯიბიდან გადახდის წილი აღემატება დაფინანსების ლიმიტებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს. მინისტრის თქმით, სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, დასკვნით ეტაპზეა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შერჩევა, რომლებმაც თანამშრომლობაზე თანხმობა გამოთქვეს.

„ამ ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება თანამშრომლობის გაფორმება აღნიშნულ სამედიცინო ცენტრებთან და შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გაგზავნა უცხოეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის მისაღებად“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.