ზურაბ აზარაშვილი - აფთიაქის ქსელი არ არის, სადაც მედიკამენტი „ლიპრიმარი“ არ იყიდებოდეს, დეფიციტის საშიშროება არ არსებობს
ზურაბ აზარაშვილი - აფთიაქის ქსელი არ არის, სადაც მედიკამენტი „ლიპრიმარი“ არ იყიდებოდეს, დეფიციტის საშიშროება არ არსებობს

აფთიაქის ქსელი არ არის, სადაც მედიკამენტ „ლიპრიმარს“ არ ყიდდნენ. რთული არ იყო ამის გარკვევა, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც მედიკამენტ „ლიპრიმარს“ შეეხებოდა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ დასახელებული მედიკამენტი ბაზრიდან გაქრა.

„ბატონო რომან, როცა ასეთ თემაზე ვსაუბრობთ, ინფორმაციის გადამოწმებაც ძალიან მარტივია. ვისაც ინტერესი აქვს, ნებისმიერს შეგვიძლია, ვთხოვოთ, გადაამოწმოს. მხოლოდ თბილისის მასშტაბით აღნიშნული წამალი 50-ზე მეტ აფთიაქში არის გაიაფებული, ვიდრე სამი თვის წინ ყიდულობდით. აფთიაქის ქსელი არ არის, სადაც ამ წამალს არ ყიდდნენ. რთული არ იყო ამის გარკვევა და კითხვის დასმამდე შეგეძლოთ, თვითონ გენახათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, არანაირი საშიშროება არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში „ლიპრიმარის“ შემოტანა ვერ მოხერხდეს.

„ამ მედიკამენტთან დაკავშირებით არანაირი დეფიციტის საშიშროება არ არსებობს, რომ მწარმოებლებმა მისი შემოტანა ვერ შეძლონ. ყველა რისკს, რაც შესაძლო დეფიციტთან არის დაკავშირებული, ძალიან კარგად, სკრუპულოზურად მივყვებით ფასთწარმოქმნის დროს და ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.