ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები, რომელიც 2012 წელს 73.4% იყო, 2021 წელს 43.5%-მდე შემცირდა
ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები, რომელიც 2012 წელს 73.4% იყო, 2021 წელს 43.5%-მდე შემცირდა

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი – 450 მლნ. ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ. ლარი).

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG). ჩვენ უკვე დავიწყეთ DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლომდე სისტემა მზად იქნება სრულად, ყველა კლინიკაში ასამოქმედებლად“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.