ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ დაკარგულებს შორის, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ, ბავშვებიც არიან
ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ დაკარგულებს შორის, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ, ბავშვებიც არიან

ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპია გასავლელი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ცხედრები გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები.

მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილი იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს, ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის, არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია.

„მინდა, აღვნიშნო იმ სამწუხარო დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება, თითქოს ამ სტიქიის აცილება შეიძლებოდა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა, ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რამდენიმე დღე დასჭირდება გარემოს დაცვის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს, რომ დაიდოს შესაბამისი დასკვნები. ამის შემდეგ დადასტურებულად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს არ იყო წინასწარ მოლოდინებთან, თითქოს შეტყობინებებთან დაკავშირებული, რომ ამ სტიქიის აცილება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სტიქიის ზონაში, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები და სამედიცინო მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმები.

„ექიმები დაკარგულების ოჯახებთან მორიგეობენ მთელი დღე-ღამის განმავლობაში და იქ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა აზარაშვილმა.