ზურაბ აბაშიძე - რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ფრენების აღდგენის საკითხი შეიძლება, დაიძრას
ზურაბ აბაშიძე - რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ფრენების აღდგენის საკითხი შეიძლება, დაიძრას

რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ფრენების აღდგენის საკითხი შეიძლება, დაიძრას, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც ინტერვიუში თქვა: „მინდა, მქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია“.

„საკმაოდ ბევრი საკითხია განხილული ბატონი ლავროვის ვრცელ ინტერვიუში, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემატიკა, ქართულ-რუსული ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ურთულესი პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს და რომელიც უმთავრესად დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოხდა მას შემდეგ, რაც განხორციელდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არანაირი წინსვლა არ არსებობს. იცით, თუ რაოდენ რთული ვითარებაა, როგორ ირღვევა ადამიანების უფლებები, როგორ ხდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფა. ასე რომ, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც ბატონმა ლავროვმა ახსენა, ამ საკითხის განხილვა ამ ვითარებაში ვერ მოხდება, დღის წესრიგში ვერ დადგება.

სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული წინსვლა, შეიძლება, ითქვას – გარღვევა, რათა რაღაც ეტაპზე ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წელს აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საავიაციო მიმოსვლას, ფრენები საქართველოს მიზეზით არ შეჩერებულა.

„ჩვენ დაინტერესებული ვიყავით და ვართ, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, მაგრამ ეს ზოგადად, უნდა განვიხილოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში და ამასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებულნი, რომ გაგრძელდეს დიალოგი ჟენევის ფორმატში, სადაც ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხების განხილვა, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების. პრაღის ფორმატის მორიგი შეხვედრა და კონკრეტული თარიღი დაკავშირებულია ასევე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, როგორც ამის საშუალებას მოგვცემს ეს ვითარება. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩატარდება და განვიხილავთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, ვფიქრობ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ეს საკითხი შეიძლება, დაიძრას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.