ზურაბ აბაშიძე - დიალოგისთვის უნდა იყოს რუსეთის მზაობა რთული საკითხების განსახილველად, მხედველობაში მაქვს ვითარება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სხვა, სამწუხაროდ, მზაობას ვერ ვხედავთ
ზურაბ აბაშიძე - დიალოგისთვის უნდა იყოს რუსეთის მზაობა რთული საკითხების განსახილველად, მხედველობაში მაქვს ვითარება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სხვა, სამწუხაროდ, მზაობას ვერ ვხედავთ

ასეთი დიალოგისთვის უნდა არსებობდეს რუსეთის მხარის მზაობა რთული საკითხების განსახილველად, მხედველობაში მაქვს ვითარება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის 12 აგვისტოს ვალდებულებების შესრულების პრობლემატიკა და სხვა, სამწუხაროდ, დღეს რუსეთის მხრიდან ამ რთული საკითხების განსახილველად მზაობას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რაზეც მოწმობს ჩვენი პოზიცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე, ჩვენ 2012 წლიდან ვაწარმოებთ რუსეთთან დიალოგს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. რაც შეეხება ბატონ კოსაჩოვის მოსაზრებებს, პარლამენტარებს შორის კონტაქტებისა და დიალოგის თაობაზე, ჩემი აზრით ასეთი დიალოგისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა არსებობდეს რუსეთის მხარის მზაობა რთული საკითხების განსახილველად, მხედველობაში მაქვს ვითარება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დასასრული ვალდებულებების შესრულების პრობლემატიკა და სხვა საკითხები. სამწუხაროდ, დღეს რუსეთის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მზაობას ამ რთული საკითხების განსახილველად.

თუ ჩვენ მოვისმენთ მათი მხრიდან, რომ ისინი მზად არიან ამ საკითხების არსებითად განსახილველად, მაშინ ალბათ ჩვენი პარლამენტი იმსჯელებს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა ტელეხიდის დროს, რომელშიც „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა, განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოსთან სრული მოცულობით საპარლამენტო დიალოგის აღსადგენად.