ზურაბ აბაშიძე - არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია
ზურაბ აბაშიძე - არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია

სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

„28 ნოემბერს პრაღაში გაიმართა ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, რომლის შესახებაც ქართულ მედიაში უკვე გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთმა რუსულმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ახლო მომავალში თბილისში იგეგმება ე.წ. რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა. მე მაშინვე გავაკეთე კომენტარი ამის თაობაზე და განვაცხადე, რომ შეხვედრის დროს მოვისმინე მხოლოდ მოკლე ცნობა თბილისში, სავიზო ცენტრთან, კომერციულ საწყისებზე რუსული ენის კურსების გახსნის შესახებ და იქვე განვუცხადე რუს კოლეგას, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავერკვეოდი, თუ რაზეა საუბარი. რუსულ მედიაში გასულმა ამ ინფორმაციამ, გამოიწვია ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ლეგიტიმური დაინტერესება, თუ რა ცენტრის შექმნა იგეგმება. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ამგვარი ცენტრის შექმნის ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია“,- განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან აწარმოებს რუსული ენის სწავლებას, როგორც აბაშიძე ამბობს, მედიიდან გაიგეს, რომ არც ეს ორგანიზაცია გეგმავს თავისი საქმიანობის იმ სახით გაფართოებას, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

„რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, საკითხში ჩაუხედავად, უმალვე აიტაცა ეს თემა ხელისუფლების მორიგი დადანაშაულების მიზნით რუსეთთან ვითომდა „დამთმობი პოლიტიკის“ გატარების გამო. ზოგიერთმა ფრიად უნიჭო შეთქმულების თეორია და განცხადებაც კი მიუძღვნა ამ თემას. სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. ის, თუ ვინ რა დაუთმო რუსეთს და რა ჩააბარა, ამაზე ცალკე განცხადების გაკეთება შეიძლება, თუმცა ეს გაცილებით ბევრ დროსა და ადგილს დაიკავებს. ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხთა შორის ურთიერთობების, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, რაც სახელმწიფო დონეზე უნდა ხდებოდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.