ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინთან თებერვლის პირველ ნახევარში ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია და ახლა არაფერი იგეგმება
ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინთან თებერვლის პირველ ნახევარში ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია და ახლა არაფერი იგეგმება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან ბოლოს კომუნიკაცია ჰქონდა თებერვლის პირველ ნახევარში და საუბარი ეხებოდა ტექნიკურ საკითხებს, თოვლის გამო მანქანების რიგებთან დაკავშირებით ლარსზე შექმნილ პრობლემას.

„ეს იყო, თუ არ ვცდები, თებერვლის პირველი ნახევარი. როგორც ყოველთვის, ხშირად არის ხოლმე ძალიან დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო, ასე შემდეგ. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ არა, ომამდე იყო. სამი კვირის წინ ისე ვთქვი, პირობითად. ეს იყო მაშინ, როცა ძალიან დიდი რიგები იყო. ლარსზე იყო ძალიან დიდი რიგები თოვლის გამო და ჩვენ ვცდილობდით, რაღაცნაირად დაგვეჩქარებია ეს. ეს იყო თებერვლის პირველ ნახევარში. მხოლოდ საცობებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი თებერვლის პირველ ნახევარში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რამდენიმე სატვირთო მანქანამ გადმოკვეთა ლარსის საზღვარი, უნომრო მანქანები არიან და ვრცელდება ამის ამსახველი ფოტოები“, – აბაშიძე პასუხობს: „ის ფოტომასალა დღეს და გუშინ გავრცელდა, ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა ძალიან კვალიფიცირებული, კონკრეტული, არგუმენტირებული ინფორმაცია გაავრცელა“.

რაც შეეხება კითხვას, როდის აპირებთ კარასინთან კომუნიკაციას, აბაშიძე პასუხობს, რომ ახლა ამდაგვარი არაფერი იგეგმება. ამასთან, აბაშიძის განმარტებით, გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. „ამ ვითარებაში არ არის მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.