ზურაბ აბაშიძე - 2009 წელს ახალგაზრდებმა დავით ბაქრაძის მანქანას წინაღობა შეუქმნეს, რასაც სერიოზული აღშფოთება მოჰყვა საელჩოებისგან, ეს მწვანე შუქი იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის, ძალადობრივად ემოქმედათ
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, რომელიც 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი იყო.
ზურაბ აბაშიძემ კომისიის სხდომაზე 2009 წელს პარლამენტთან ახალგაზრდების პროტესტი გაიხსენა და ამ პერიოდში საელჩოების მხრიდან გაკეთებული განცხადებები წაიკითხა.
„დაახლოებით 2009 წლის 12 ივნისია, როდესაც პარლამენტის სხდომა ჩაინიშნა. მაშინ დეპუტატებმა მოსვლა დაიწყეს პარლამენტში. ამ პერიოდში საერთო ოპოზიციური გაერთიანების ახალგაზრდულმა ფრთამ მოაწყო ეგრეთ წოდებული სირცხვილის კორდონი, რაც მიღებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს იყო ჩვეულებრივი ფორმა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო დავით ბაქრაძე. მის მანქანას რაღაც წინაღობა შეუქმნეს ახალგაზრდებმა და ამას მოჰყვა სერიოზული აღშფოთება, როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარეს, წევრებს არ ატარებენო და ასე შემდეგ. წამოვიღე მაშინდელი საელჩოების განცხადებები. ეს ნიშანდობლივია, რათა პარალელი გავავლოთ, რა განცხადებები გაკეთდა ამ პერიოდში ამერიკის საელჩოს ან იმავე საფრანგეთის საელჩოს მხრიდან. მინდა, პარალელი გავავლოთ ბოლოდროინდელ აქციებთან, როდესაც, პრაქტიკულად, დაანგრიეს დედაქალაქი, რაებს ისროდნენ, რა ძალადობა იყო ოპოზიციის მხრიდან და რა შეფასებას აძლევდნენ იმ პერიოდში საელჩოს წარმომადგენლები. მაგალითად, ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება და თქვა: „აშშ წუხს, რომ საპროტესტო აქციის ზოგიერთმა ლიდერმა ადამიანებზე და მათ ქონებაზე მიტანილ იერიშს მხარი დაუჭირა. თავდამსხმელმა ხელი შეუშალა ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებებს შორის არის გავლებული“. ასევე საფრანგეთის ელჩმა, ერიკ ფურნიემ განაცხადა, რომ „ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ქვები ესროლეს, დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ჩეხეთის ელჩს, რომელიც საქმის გასარკვევად ადგილზე მივიდა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავოს ძალადობის პროვოცირებისგან“. ასევე უნდა ითქვას, რომ ასეთი განცხადებები უკვე მწვანე შუქი იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, რომ მათ ძალადობრივად ემოქმედათ. ასეთი განცხადებები სწორედ ამას გულისხმობს. იქ ვიყავით, როდესაც ახალგაზრდებმა გზები გადაკეტეს. ბუნებრივია, ეს იყო მშვიდობიანი, უბრალოდ პროტესტს გამოვხატავდით და პროტესტის ფორმა ყველა შემთხვევაში იყო მშვიდობიანი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ზურაბ აბაშიძეს კითხვა დაუსვა: „დავით ბაქრაძის მანქანას შეუქმნეს წინაღობაო. რას გულისხმობდა წინაღობა, წინ გადაუდგნენ და არ გაატარეს, თუ მანქანას დაუშინეს ქვები?“ – რაზეც აბაშიძემ აღნიშნა:
„ეს ფაქტი პირადად არ დამინახავს, რადგან მაშინ რუსთაველზე ვიყავი, ქვევით. რომ გავიგეთ, რაღაც ხმაური იყო, ამოვედით. როგორც მახსოვს, დავით ბაქრაძე უნდა გამოსულიყო პარლამენტიდან და ახალგაზრდებმა წინაღობა შეუქმნეს. ქვის სროლა და რაიმე ასეთი ფიზიკური შეურაცყოფა არ მინახავს. დავინახე, რომ სადაც ახლა უშიშროების სამსახურის შენობაა, იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები. სახეზეც ვიცანი, ერთი იყო ახალაია, მეორე – სანოძე, რომლებსაც ტირის თოფები ჰქონდათ და პირდაპირ ესროდნენ ახალგაზრდებს. ვუთხარი, რას აკეთებთ, ეს რომ ვინმეს თვალში მოხვდეს-მეთქი. ერთობოდნენ. ეს იყო აბსოლუტურად პროვოცირებული. ამ დროს დათა ახალაია უშიშროების მაღალჩინოსანი იყო“.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, არცერთ აქციაზე, რომელსაც იმ პერიოდში ოპოზიცია ატარებდა, სამართალდარღვევა არ განხორციელებულა.
„არ მახსოვს, ვინმეს კანონი დაერღვია. იყო სრულიად მშვიდობიანი, თავისუფალი და ორიენტირებული, მაქსიმალურად გვემხილებინა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა და დღესაც ჰქვია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.