ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება
ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება

ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია უნდა შეიცვალოს იმ ნაწილში, როდესაც ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

„ევროპარლამენტარები ცალსახად მართლები არიან იმ ნაწილში, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მე არ მეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არის, არჩევნები არ ტარდება, პოლიტპატიმრები არსებობენ, ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული, ისეთი მასშტაბის კრიზისია, რომ მარტო ხელახალი არჩევნები განმუხტავს – ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ის ძალა, რომელიც მეცხრე წელია ხელისუფლებაშია.

ოპოზიციას შეიძლება ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება – ლარზე ეკონომიკაზე და დედა რომ აქვს ყველაფერს ნატირები, მაგაზე. ჩვენი მეგობრების პოზიცია უნდა შეუცვალოს. ეს პოზიცია უნდა იყოს არა ისეთი, რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ ხელისუფლებას უნდა უთხრან, რომ სასამართლო ასე ააწყოთ და ასეთი მასშტაბის კრიზისი განიმუხტება ხელახალი არჩევნებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ მასში ასახული არ იქნება ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ არჩილ თალაკვაძის მხრიდან გიორგი რურუას გათავისუფლების შეთავაზების შემთხვევაშიც, პარტიები დოკუმენტზე ხელის მოწერას არ დათანხმდნენ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.

„ეგეთი რამ არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ მაიმუნობდა, ვირეშმაკობდა, სხვადახვა რაღაცას ამბობდა, მაგრამ რეალურად არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, ხელს არ აწერდნენ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.