ზუკა დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
დავითაშვილი გუნდს 2018 წელს თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა. 2018 წლის სეზონში 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „ლოკომოტივში“ 19 შეხვედრა ჩაატარა. ფეხბურთელმა ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
დავითაშვილი 2019 წლის დასაწყისში ყაზანის „რუბინში“ ისინჯებოდა, გუნდთან ერთად სამი შეკრებაც გაიარა და მთავარი მწვრთნელის ყურბან ბერდიევის სიმპათიაც დაიმსახურა, თუმცა მხარეები კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.
18 წლის ფეხბურთელი 12 მარტს ბელგიაში იმყოფებოდა და „გენტთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. ჯერ ეს ტრანსფერი ვერ გაფორმდება, ამიტომ მხარეები ზაფხულს და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას დაელოდებიან.
ამის გამო, დავითაშვილი დროებით საქართველოში დაბრუნდა.