ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ [ფოტოამბავი]
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ [ფოტოამბავი]

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოასვენა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით.

ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიაში სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავარები მონაწილეობენ. ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო. მან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში შეკრებილ მრევლს ვლაქერნობა მიულოცა.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნება ემთხვიოს სიწმინდეებს, რომელსაც წმინდა საკურთხევლიდან გადმოაბრძანებენ ტაძრის ცენტრალურ, შუა ნაწილში.
ვლაქერნობას ზუგდიდში უკვე ათეული წლებია აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს საქართველოს ყველა ეპარქიიდან, უცხოეთიდან სტუმრობენ.